მთავრობამ მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესი განსაზღვრა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა, ხოლო წესის ნაწილი კი 1-ლი ივნისიდან.
„მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესის“ მიზანია მეკვერცხული საწარმოს ავტორიზაცია (განმასხვავებელი ნომრით), რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბაზარზე ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განთავსებული კვერცხის მიკვლევადობა.
წესის შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო.
სააგენტომ უნდა შექმნას სისტემა ამ წესის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა საწარმოო ადგილის ავტორიზაციისთვის, მასზე განმასხვავებელი/უნიკალური ნომრის მინიჭებით, ასევე უზრუნველყოს ავტორიზაციის რეესტრის შექმნა და განახლება.
თითოეული საწარმო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის შემდეგ სააგენტოს მიაწოდოს განსაზღვრული ინფორმაცია 2025 წლის 31 მარტამდე, ხოლო სააგენტო, თავის მხრივ, ვალდებულია მიანიჭოს ავტორიზაცია შესაბამისი უნიკალური ნომრით 2025 წლის 31 მაისამდე.