2032 წლისთვის ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 2,2-ჯერ გაიზრდება და 10086 მგვტ-ს მიაღწევს, - აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმაში.
ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4564 მგვტ-ია, აქედან მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრეა 2381 მგვტ, მოდინებაზე მომუშავე ჰესების სიმძლავრე 973 მგვტ, 110 მგვტ აირტურბინების, 21 მგვტ ქარის სადგურების, ხოლო კომბინირებული და თბოელექტროსადგურებისა - 1079 მგვტ.
დღეისათვის ჯამური დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 74% მოდის ჰესებზე. მარეგულირებელი ჰესების წილი შეადგენს დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 52%-ს.
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის თანახმად კი 2032 წლისთვის საქართველოს ჯამური სიმძლავრე გაიზრდება 10086 მგვტ-მდე. აქედან 4326 მგვტ იქნება მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე, 3139 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების, 760 მგვტ ქარის სადგურების, 171 მგვტ მზის სადგურების, 110 მგვტ აირტურბინების, ხოლო 1579 მგვტ ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურების და არსებული მოძველებული გარდაბნის N 3, 4 და 9 ბლოკების სიმძლავრე.
ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 2032 წლისთვის იქნება 74%-მდე. აქედან მარეგულირებელი ჰესების წილი ქვეყნის ჯამურ სიმძლავრის 43%-ს შეადგენს. ეს უზრუნველყოფს წყალუხვობისას დაგროვებული წყლის გამოყენებას წყალმცირობის პერიოდებში, ელექტროენერგიისა და თბოსადგურებისთვის საჭირო საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.
აღსანიშნავია, რომ ქარის და მზის ელექტროსადგურების წილი, 2032 წლისთვის იქნება დაახლოებით 10%. აღსანიშნავია, ქარის და მზის ენერგიის განვითარების ზემოთმოცემული მოცულობები ითვალისწინებს მიმდინარე ეტაპისთვის დაგეგმილ პროექტებს. ხოლო გენერაციის ადეკვატურობის ანალიზის სცენარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტებთან ერთად განხილულ იქნა განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისებაც, ასევე თითოეულ სცენარში გათვალისწინებულ იქნა იმ მინიმალური სიმძლავრის შესაბამისი პერსპექტიული სადგურების მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ სცენარის შესაბამისი ჯამური მოხმარების ადეკვატურ დაკმაყოფილებას. სწორედ აღნიშნული განაპირობებს განსხვავებას ათწლიანი გეგმით გათვალისწინებულ პერსპექტიული გენერაციის მოცულობებსა და გენერაციის ადეკვატურობის ანალიზში მოცემულ ანალოგიურ მაჩვენებლებს შორის.