ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. N88-ის მიმდებარედ არსებული 563 991 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთი ისევ იყიდება. 6 აპრილს გამოცხადებულ აუქციონზე, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება 9 054 000 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ეს ამ ობიექტის გაყიდვის პირველი მცდელობა არ ყოფილა. 2019 წლიდან დღემდე უძრავი ქონება 21-ჯერ ვერ გაიყიდა.
ჯერ კიდევ 2019 წლის 13 დეკემბერს სახელმწიფო უწყება 563 991 კვ/მ მიწის ნაკვეთს 18 108 000 ლარად ჰყიდდა, თუმცა წინადადება ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის უინტერესო აღმოჩნდა. იდენტური ღირებულების განმეორებით აუქციონი 17 დეკემბერსაც გამოცხადდა.
წარუმატებელი იყო შემდეგ წლებში გამოცხადებული აუქციონებიც, მიუხედავად იმისა, რომ ფასი მცირდებოდა.
ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. N88-ის მიმდებარედ არსებული ორი ერთეული 312151 კვ.მ. და 251840 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დღეს ისევ სახელმწიფო ბალანსზეა და ქონების ეროვნული სააგენტო ელექტრონულ აუქციონზე უკვე ოცდამეორედ ეცდება მის გაყიდვას.