საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 26 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს, რომელთაგან ერთ–ერთი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ღირსეულად ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის" ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობას გულისხმობს. მთავრობის დადგენილებით, პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა.
ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. სავარჯიშო მოედნები განთავსებულია თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელსვე დაიწყება. საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს 2023 წელს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
მთავრობამ ასევე გამოსცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 28 ფიზიკურ პირს, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაჩხაანში, მათსავე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახლები.