„ანაკლიის პორტი გახლავთ ერთ-ერთი ინტერესი, რომლითაც კომპანიები არიან დაინტერესებული ინვესტირებით. ასევე არის ენერგეტიკის სფერო, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რითიც იაპონელი ინვესტორები ინტერესდებიან და ჩვენ უკვე გვყავს კომპანია TEPCO, რომელიც უკვე მონაწილეობს როგორც ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოში ენერგეტიკის სფეროში,”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა.
TEPCO იაპონიის უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, იგი იაპონიაში ფლობს ჰიდროელექტროსადგურებს, თბოსადგურებსა და ატომურ ელექტროსადგურებს. Tokyo Electric Power Company Holdings-მა (Tepco) დღეს 2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანია 238.8 მლრდ იენის ზარალზეა. როგორც კომპანიაში აცხადებენ ზარალი შემცირებულმა შემოსავალმა გამოიწვია, რომელიც 340 მლრდ იენს გაუტოლდა.
TEPCO Group აერთიანებს TEPCO Fuel & Power, TEPCO Power Grid, TEPCO Energy Partner და TEPCO Renewalbe Power-ს. სწორედ ამ უკანასკნელმა შეიძინა 2020 წელს კომპანია „ფერისგან“ ყაზბეგში მდებარე „დარიალის“ ჰიდროელეტქროსადგურის 31.4%-იანი წილი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში განაცხადეს. 2020 წლის 9 იანვარს კი საქართველოს მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება გაუწყვიტა.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 2.850 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 1.3 მლნ ლარით აჭარბებს. აღნიშნული თანხიდან 8 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებაზე მომავალ წელს 151.8 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე წელს იყო და 330 ათასი ლარი გახდება. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მომავალ წელს განხორციელდება „საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ხელშეწყობა და ახალი საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი“.