სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ (კორპუსის დაზღვევა) 57 ერთეული შეადგინა, რაც 35-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (კორპუსის დაზღვევა) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
- სს ბბ დაზღვევა — 33;
- სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 12;
- სს სადაზღვევო კომპანია უნისონი- 8;
- სს სადაზღვევო კომპანია ალფა - 2;
- სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია - 1;
- სს დაზღვევის კომპანია ქართუ - 1.
კომპანიებმა 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 6 552 743 ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2021 წლის შედეგს დაახლოებით 2.5-ჯერ (2021 წლის II კვარტალში 2 677 648 ლარი იყო) აღემატება.
2022 წლის 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ორმა სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა ზარალი, რამაც 4 855 968 ლარი შეადგინა. ანალოგიურ პერიოდში, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ბაზარზე „ქართუ დაზღვევას“ 4 631 374 ლარის, ხოლო „არდი დაზღვევას“ 224 594 ლარის ზარალი აქვს ანაზღაურებული.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 504,7 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 91,8 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 10,3 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 151,6 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 313,6 მილიონ ლარს.
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №95 ბრძანების მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს საჰაერო სივრცეში მასზე ვრცელდება სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.
ექსპლუატანტი და ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრის, ბარგის, ტვირთისა და მესამე პირის ფრენასთან დაკავშირებით სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა. ექსპლუატანტი და ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი ფრენის დაზღვევა.
მინიმალური დაზღვევის ვალდებულება შეადგენს:
ა) 2700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 250 000 SDR-ს;
ბ) 2700 კგ ან 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ
მგზავრზე – 100 000 SDR;
გ) ბარგზე – 1 288 SDR-ს თითოეულ მგზავრზე კომერციული ფრენისას;
დ) ტვირთზე – 22 SDR-ს თითოეულ კილოგრამზე კომერციული ფრენისას.
თუ კი საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ექსპლუატანტს/ ავიაგადამზიდველს არ ექნება დაზღვევა მაშინ საქართველოს შეუძლია ხომალდს მის ტერიტორიაზე დაფრენის უფლება არ მისცეს.