კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. მაშინ როდესაც Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 26 მარტის მონაცემების თანახმად, ქართული ლარის კურსი ისევ გაუფასურდა, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4842 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.5103 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.4400-ის ნიშნულზე იყო.
მცირედით გამყარდა თურქული ლირაც, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.4170 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.4114-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/495.9400 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 496.0000-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6935 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6936-ის ნიშნულზე იყო.