2022 წლის 10 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.67 მლრდ ლარია. წმინდა ამონაგები კი, 375 მლნ ლარს შეადგენს.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში 1 მლნ 323 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.
ამ დროისთვის დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,576-მა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 6,247,895 ლარს შეადგენს.
საპენსიო სააგენტოს სექტემბრის საინვესტიციო ანგარიშის მიხედვით, აქტივების 82.3% ლარშია, 17.7% კი უცხოურ ვალუტაში. დღეის მდგომარეობით, აქტივების გეოგრაფიული ალოკაცია ასეთია: 82.6% ადგილობრივი აქტივებია, 17.4% კი - უცხოური.
საინვესტიციო ინსტრუმენტების მიხედვით, აქტივები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
- სადეპოზიტო სერტიფიკატები/ვადიანი ანაბარები - 68.4%;
- საქართველოს სახაზინო ობლიგაციები - 12.3%;
- აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები - 8.6%;
- გლობალური აქციები - 7.8%;
- მიმდინარე ანგარიშები - 1.9%;
- ევროობლიგაციები - 0.9%.
ანგარიშის მიხედვით, აქტივების 90.2% ფიქსირებულ განაკვეთზეა მიბმული, 1.9% ცვლადზე, 7.8% კი გლობალური აქციებია. აქტივების ნახევარზე მეტი ანუ 55.9%, ორი და მეტი წლით არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ აქტივების 62.8%-ს BB- საკრედიტო რეიტინგი აქვს.