საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინიციატივით 27 თებერვალი ხაჭაპურის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა და პირველი არტიზანული სახაჭაპურე „გუნდას“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ხაჭაპურის კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა.
კვლევის მიხედვით, საქართველოში 47 სახეობის ხაჭაპური არსებობს. თითოეული მათგანი განსხვავებული მომზადების წესით გამოირჩევა, რომელიც კონკრეტული კუთხის ადათს უკავშირდება.
ხაჭაპურის წარმოშობის ადგილი ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება და მისი წარმოშობისთვის თანაბარი პირობები არსებობდა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, თუმცა მკვლევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ მას კოლხური ფესვები აქვს და ისტორიულად კოლხეთს უკავშირდება.
ხაჭაპურის ქართული წარმოშობის დასადასტურებლად ჩატარებული კვლევის საფუძველზე 2019 წლის 22 იანვარს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს - „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.