კომპანია Mobius Capital Partners-ის დამაარსებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფინანსისტი მარკ მობიუსი მიიჩნევს, რომ 2022 წელს ბიზნესს ყველაზე მეტად ჰაკერული შეტევები, კრიპტოვალუტების ბაზრის ვარდნა და გეოპოლიტიკური რისკები ემუქრება.
კერძოდ, ის თვლის, რომ მომავალ წელს გლობალური საინფორმაციო სისტემების დაცემის რისკი ჰაკერული შეტევები გამო, საკმაოდ მაღალია.
„ჩვენი ყოფა სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული ტექნოლოგიებზე, რომლებიც ძალიან მოწყვლადია. თუ ჰაკერები ამ სისტემებს გატეხავენ - შედეგები ძალიან სერიოზული იქნება. და რაც დავინახეთ 2021 წელს, ის იყო, რომ კიბერდამნაშავეების შესაძლებლობებიც და მადაც წარმოუდგენლად გაიზარდა, რაც დიდ საფრთხეებს შეიცავს“, - მიიჩნევს მობიუსი.
კრიპტოვალუტების ბაზრის ვარდნა უამრავი ინვესტორისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება.
„პირველი ნიშნები ჩვენ უკვე გვაქვს - ნოემბერში კრიპტოვალუტების ბაზრის მოცულობამ 3 ტრლნ დოლარს გადააჭარბა, 14 დეკემბრისთვის კი 2,16 ტრლნ-მდე შემცირდა. საკმაოდ მაღალია ამ ტრენდის გაძლიერების რისკი და კრიპტოვალუტების კურსის მერყეობის გამო ბევრი ინვესტორი უზარმაზარ თანხებს დაკარგავს“, - მიიჩნევს ფინანსისტი.
მარკ მობიუსის მხრიდან კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით სკეპტიციზმი ახალი მოვლენა არაა - ნოემბერში მან ვირტუალურ ფულს რელიგია უწოდა და ტრეიდერებს აქციებთან დაბრუნება ურჩია.
საფრთხეს ასევე გეოპოლიტიკაც წარმოადგენს, პირველ რიგში დაძაბული ურთიერთობები შტატებს და ჩინეთს შორის.
„თუ დაძაბულობა გაიზარდა, ეს ბაზრებს აუცილებლად დაარტყამს. მართალია, ეს გავლენა დროებითი იქნება, თუმცა, ეს დრო შესაძლოა გაიწელოს“, - თვლის ფინანსისტი.
მისი აზრით, 2022 წელს ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ინდოეთი იქნება.
„ისინი მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებენ და სწრაფი ტემპებით ზრდას განაგრძობენ. ამიტომაც ინდოეთში ფულის ჩადება დღეს ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა“, - ამბობს მობიუსი.
მის აზრს საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs იზიარებს, რომლის პროგნოზის მიხედვითაც, 2021 წელს ინდოეთის მშპ 8%-ით, ხოლო 2022-ში - 9,1%-ით გაიზრდება.
ინვესტორი ასევე შეეხო პრობლემას, რომელიც დღეს ყველას აღელვებს - მაღალ ინფლაციას. მისი აზრით, მაღალი ინფლაციის პერიოდი კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება და მისი დაძლევის საუკეთესო საშუალებაა ფულის ბეჭდვის შეწყვეტა.
„თავისი წვლილი ფულის გაუფასურებაში კრიპტოვალუტებსაც შეაქვთ, რადგანაც ვირტუალური ფულის გაძვირების გამო ბევრი ადამიანი თავს უფრო მდიდრად გრძნობს და მეტს ხარჯავს“, - ამბობს მობიუსი.
გაურკვევლობის და მერყეობის პერიოდში ინვესტირების კუთხით საუკეთესოა კომპანიები, რომელთაც მოგება, კაპიტალის მაღალი რენტაბელურობა და მცირე დავალიანება აქვთ.
„თუ ეს 3 პირობა დაცულია, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - ინფლაცია და ვოლატილურობა არ გემუქრებათ“, - ამბობს მობიუსი.
ასევე კარგი გზაა საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება - ფულის ჩადება არა მხოლოდ სხვადასხვა კომპანიებში და დარგებში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში და რეგიონებში. მისი თქმით, დღეს ყველაზე მაღალ მოგებას განვითარებადი ქვეყნები იძლევიან - მაგალითად, Mobius Capital Partners-ის პორტფელში 20% ინდოეთზე და ტაივანზე მოდის.
ასევე პერსპექტიულია ინვესტირება სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სამხრეთ აფრიკაში, თურქეთში, ბრაზილიაში და კენიაში. მობიუსი ასევე არ ურჩევს ფინანსისტებს ობლიგაციების შეძენას.
„დღეს ფულის გაუფასურება ხდება და ამიტომაც ფიქსირებული მოგება ოპტიმალური არაა იმათთვის, ვისაც მეტი სურს. პირადად მე მხოლოდ აქციებს ვყიდულობ“, - განაცხადა მობიუსმა. მისი აზრით, უახლოესი 10-15 წლის მანძილზე დოლარი გლობალური სარეზერვო ვალუტის სტატუსს შეინარჩუნებს, თუმცა, ადრე თუ გვიან მას სხვა ფულის ერთეული ჩაანაცვლებს - ყველაზე მეტი შანსი კი ჩინურ იუანს აქვს.
forbes