ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აუქციონების მიხედვით, მიმდინარე წლის 3 თვეში მთავრობამ დაახლოებით 610 მლნ ლარის შიდა ვალი აიღო. რაც შეეხება კონკრეტულად აუქციონის ტიპებს, სახაზინო ობლიგაციების აუქციონის სახით მთავრობამ იანვარ-მარტში დაახლოებით 494 მლნ ლარის ვალი აიღო, ხოლო 115 მლნ ლარი ხელისუფლებამ სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგად იშოვა.
შეგახსენებთ, რომ სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით. როგორც წესი, სამთავრობო ფასიანი ქაღალდები ხასიათდება მინიმალური რისკიანობითა და მაღალი ლიკვიდურობით.
რაც შეეხება სახაზინო ობლიგაციას, იგი არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. ამჟამად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1-დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით.
აქვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ისიცაა, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში აღებული შიდა ვალის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს მნიშვნელოვნად აჭარბებს. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის 3 თვეში სახელმწიფოს შიდა ვალის სახით დაახლოებით 178 მლნ ლარი აიღო. შესაბამისად, გამოდის რომ 2022 წელს აღებული ვალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აღებულ ვალს დაახლოებით 432 მლნ ლარით აღემატება.