ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 3,688 მლრდ ლარი შევიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით, ანუ 1,026 მლრდ ლარით მეტია.
რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლებს კონკრეტული გადასახადების მიხედვით, 2022 წლის 3 თვეში საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტმა დაახლოებით 1,126 მლრდ ლარი მიიღო, მოგების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 690 მლნ ლარი შეადგინა.
იანვარ-მარტში ბიუჯეტმა დამატებითი ღირებულების გადასახადიდან (დღგ) ყველაზე მეტი 1,305 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს დაახლოებით 329 მლნ ლარით აღემატება. მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლების მატების მთავარი მიზეზი საშემოსავლოს, მოგებისა და დღგ-ს გადასახადებიდან გაზრდილი შემოსავლებია.
ამასთან, აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში დაახლოებით 320 მლნ ლარი შევიდა, იმპორტის გადასახადიდან 22 მლნ ლარი, ხოლო სხვა გადასახადებიდან 2022 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში დაახლოებით 224 მლნ ლარი შევიდა.