აშშ-ის საოლქო სასამარლომ არ დააკმაყოფილა 30 წლის მამაკაცის სარჩელი, რომელიც ჩვილობისას შიშველია აღბეჭდილი Nirvana-ს 1991 წელს გამოსული ალბომის, “Nevermind”-ის გარეკანზე. ის ცნობილ Grunge ჟანრის ბენდს მისი ფოტოს გამოყენების გამო უჩივის, რომელიც, მისი თქმით, ბავშვთა კომერციულ, სექსუალურ ექსპლუატაციას ემსახურებოდა. საჩივარში დასახელებულნი იყვნენ: Nirvana-ს დრამერი დეივ გროლი, ბასისტი კრის ნოვოსელიჩი, კურტ კობეინის ქვრივი – კორტნი ლავი, ფოტოგრაფი – კირკ უედლი და რამდენიმე ხმის ჩამწერი კომპანია.
მოსამართლემ, ფერნანდო ოლგუინმა საქმე ტექნიკური მიზეზების გამო დახურა, რადგან ელდენის იურიდიულმა ჯგუფმა ვერ მოასწრო პასუხის გაცემა Nirvana-ს შუამდგომლობაზე გათავისუფლების შესახებ, თუმცა ოლგუინმა ალბომის ყდის ვარსკვლავს ახალი საჩივრის შევსებისთვის ვადა 13 იანვრამდე დაუწესა.
“ელდენის განცხადება, რომ Nevermind-ის ალბომის გარეკანზე გადაღებული ფოტო არის „ბავშვთა პორნოგრაფია“, აბსოლუტურად არასერიოზულია და თუკი ამ თეორიას დავუშვებთ, გამოდის, რომ ვისაც ამ ალბომის ასლი აქვს, ყველა გარეულია ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში”, – აცხადებენ ბენდის იურისტები.
შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ ელდენმა ცხოვრებაში არაერთხელ გამოიყენა ალბომი პირადი ინტერესებისთვის. მაგალითად, გადაუღია ფოტო ფულის სანაცვლოდ და მკერდზე ტატუ აქვს ალბომის სათაურით, eBay-ზე ყიდდა ალბომის ასლებს თავისი ავტოგრაფით და სხვა. 2016 წელს GQ Australia-სთან ინტერვიუში ელდენმა თქვა, რომ მისი დამოკიდებულება ბენდის მიმართ მას შემდეგ შეიცვალა, რაც Nirvana-ს დაუკავშირდა და სთხოვა, მის არტშოუში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ უარი მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ ამ ეტაპზე საქმე დახურა, სპენსერ ელდენის ადვოკატები აცხადებენ, რომ მეორე, ჩასწორებულ საჩივარს შეიტანენ სასამართლოში და იმედოვნებენ, რომ მომჩივანს მიეცემა საშუალება, გააგრძელოს თავისი საქმე.
წყარო: marketer.ge