საქართველოს სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთმა ლიდერმა „კარფურმა” 2021 წელი 5 მლნ. ლარის მოგებით დაასრულა, მაშინ როდესაც 2020 წელს კომპანია 33.5 მლნ ლარის ზარალზე იყო.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 98 მილიონი ლარით, 570 მილიონ ლარამდე გაზარდა. მხოლოდ საქონლის რეალიზაციიდან კომპანიამ 542 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.
საქართველოში „კარფურის„ კაპიტალი უარყოფითია 215 მილიონ ლარს უტოლდება, კომპანიას გააჩნია წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი რომელიც 219 მილიონი ლარია. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „კარფურს” გააჩნია 231 მილიონი ლარის ვალდებულება მშობელი კომპანიის მიმართ.
„კარფურის“ თანამშრომელთა რაოდენობა 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იყო 2,751, რომელთა ანაზღაურება 40 მლნ ლარს აღემატება.
„კომპანიის მიზანია საქართველოში არსებული საოჯახო პროდუქტების საუკეთესო ხარისხისა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფა. კომპანიის სტრატეგია არის პროდუქტების ყველაზე დაბალ ფასად რეალიზაცია.
კომპანია არის შპს „Majid Al Futtaim Hypermarkets”-ის შვილობილი, რომელიც კომპანიის საწესდებო კაპიტალში ფლობს 100%-იან წილს. კომპანიის დაფინანსება და საკრედიტო დამოკიდებულება შპს „Majid Al Futtaim Retail”-ის მართვის ქვეშ მყოფი ჯგუფიდან მოდის. ამასთან, კომპანიის საქმიანობები მჭიდროდ არის დაკავშირებული შპს „Majid Al Futtaim Retail”-ის მართვის ქვეშ მყოფი ჯგუფის მოთხოვნებთან“, — აღნიშნულია ანგარიშგებაში.
„კარფური” საქართველოში 5 ჰიპერმარკეტს, 14 სუპერმარკეტსა და 43 პატარა მარკეტს ფლობს.
საქართველოში „კარფურის” სუპერმარკეტის ფრენჩიზს ფლობს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ჯგუფი „მაჯიდ ალ ფუტაიმ კაპიტალი”, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრეც მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, კომპანიის აქციონერი მისი ათი მემკვიდრე გახდა. 2021 წელს ჯგუფის გლობალური შემოსავალი 8.8 მილიარდი დოლარი, ხოლო წმინდა მოგება 787 მილიონი დოლარი იყო.