35 ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ, ერთხმად მოითხოვეს 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არდაშვება. ამის შესახებ პარასკევს, 10 თებერვალს ლიტვის სპორტის მინისტრმა იურგიტა სიუგზდინიენმა განაცხადა.
„ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ ბოიკოტი არ დაგვჭირდეს, რადგან ყველა ქვეყანა ერთსულოვანია,“ – აღნიშნა იურგიტა სიუგზდინიენმა.
35 ქვეყნის მინისტრებისგან შემდგარ ონლაინ შეხვედრაში, რომლის მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების აკრძალვისკენ მოწოდება იყო, მონაწილეობა მიიღოუკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსულ აგრესიას 228 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი ემსხვერპლა.
„თუ არსებობს ოლიმპიური სპორტი მკვლელობებით და სარაკეტო დარტყმებით, თქვენ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებს პირველ ადგილს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ლიტვის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ზელენსკის გზავნილი მონაწილეებისთვის იყო ის, რომ ნეიტრალიტეტის პრინციპები არ შეიძლება გავრცელდეს რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე.