35-მა ქვეყანამ, რომელთა შორის არიან აშშ, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნები, 5 ივლისს ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სპორტული სანქციების გამკაცრების მოწოდებით.
განცხადებაში ჩამოთვლილ ზომებს შორის არის შემდეგი:
საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციებმა შეწყვიტონ რუსეთისა და ბელარუსის სპორტის მართვის ეროვნულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებში გავლენიანი თანამდებობებიდან გადაყენებულ იქნენ პირები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული რუსეთისა და ბელარუსის მთავრობებთან;
განხილულ იქნეს რუსეთსა და ბელარუსში საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ტრანსლაციის შეწყვეტის შესაძლებლობა;
იმ შემთხვევაში, თუკი ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები შეჯიბრებებში გამოსვლის ნებას დართავენ რუსეთისა და ბელარუსის ათლეტებს, სპორტსმენები უნდა გამოვიდნენ მკაცრად ნეიტრალური სტატუსით, ხაზგასმითაა აღნიშნული განცხადებაში. იკრძალება რუსეთისა და ბელარუსის დროშების, გერბებისა და ჰიმნების გამოყენება.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციით, მრავალმა საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციამ შეწყვიტა რუსეთის სპორტსმენების დაშვება შეჯიბრებებზე. ისეთ დისციპლინებში, როგორებიცაა ფეხბურთი, ჰოკეი, მძლეოსნობა და ფიგურული სრიალი, სპორტსმენები საერთოდ არ დაიშვებიან. ავტოსპორტში, ველოსპორტში, ჩოგბურთსა და ჭადრაკში რუსეთის სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით გამოდიან.