2022 წლის 10 თვეში დიდი დიღომი, ვარკეთილი და საბურთალო დომინირებდნენ ბაზარზე როგორც გაყიდული ბინების რაოდენობის, ისე ფართობის მიხედვით. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც თბილისის 27 უბნის მიხედვით სექტორში არსებულ ბოლოდროინდელ ტენდენციებს შეეხება.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სწორედ დიდ დიღომში, ვარკეთილსა და საბურთალოს რაიონში იყო მთლიანი ტრანზაქციების მესამედზე მეტი კონცენტრირებული.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით ჩანს, რომ მართალია მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო ახალი ბინების გაყიდვის კუთხით, უმეტეს რაიონებში, მოთხოვნა უფრო ძველ ბინებზე გაიზარდა.
კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე, რაიონებში 750-დან 1800 აშშ დოლარამდე მერყეობს.
„ოქტომბერში ყველაზე მაღალი ფასები სოლოლაკში, ვაკეში, ვერასა და მთაწმინდაზე დაფიქსირდა,“-აღნიშნულია დოკუმენტში.
რაც შეეხება ქირას, ანგარიშის თანახმად, უმეტეს რაიონებში წინა წელთან შედარებით ქირა გაორმაგდა. ქირავნობის საშუალო ფასი კი დაახლოებით 9-დან 14 აშშ დოლარამდე მერყეობს კვადრატულ მეტრზე.
bpn.ge