Eurocontrol-ის 41 წევრი ქვეყანა სოლიდარობის ფონდის შექმნაზე შეთანხმდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციაში რამდენიმე ფონდი სხვადასხვა მიზნით უნდა ჩამოყალიბდეს.
პირველი ფონდი კრიზისის პირობებში წევრი ქვეყნების დახმარებას ითვალისწინებს. წევრმა ქვეყნებმა ორგანიზაციას თხოვნით მიმართეს შექმნას ფონდი უკრაინისა და მოლდოვის დასახმარებლად, რომლებიც ომის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ჯამში ამ ორი ქვეყნისთვის 46.5 მლნ ევროს დონაცია იგეგმება. წევრმა ქვეყნებმა ასევე უნდა გამოყონ 46.1 მლნ ევროს მოცულობის სესხი ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის დასახმარებლად.
„პუტინის ომს უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ევროპის საჰაერო ტრაფიკზე. EUROCONTROL სოლიდარულია უკრაინის და სხვა წევრი ქვეყნების მიმართ, რომელთა ავიაციაც სერიოზულად დაზარალდა ომის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას გვაძლევს კოლექტიურად დავეხმაროთ ნებისმიერ ქვეყანას, რომლებიც ასეთ ვითარებაში არიან ან მომავალში იქნებიან”,— აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი ემონ ბრენანსი.
„რუსულმა არაპროვოცირებულმა, სასტიკმა აგრესიამ მთლიანად შეაჩერა მოძრაობა უკრაინის საჰაერო სივრცეში. ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ მანამ, სანამ ომი არ დასრულდება უკრაინის წარმატებით და არ დავიწყებთ უკრაინის ხელახალ აღდგენას“, — განაცხადა ევროპული კომისიის ტრანსპორტის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.
ევროკონტროლი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. საქართველო ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა.