ექვსმა დიდმა სუპერმარკეტების ქსელმა 2019 წელს საქართველოში 1.656 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო. მათგან ყველაზე ბევრი - 474 მლნ „კარფურმა“ გამოიმუშავა მისი წილი მსხვილ ქსელებში 28%-ს აღემატება.
„კარფურის“ პირველი მაღაზია საფრანგეთში 1960 წელს გაიხსნა. დღეს კომპანია 30 სახელმწიფოში 12 200-ზე მეტ სუპერმარკეტსა და ჰიპერმარკეტს ფლობს. 2019 წელს კარფურის შემოსავალმა €81 მლრდ, წმინდა მოგებამ კი €1.3 მლრდ შეადგინა. ქსელი 321 000 ადამიანს ასაქმებს. ბრენდი საქართველოში 2012 წელს გამოჩნდა. პირველი ჰიპერმარკეტი თბილისი მოლში გაიხსნა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ამჟამად შვიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, გორში, თალავსა და ფოთში 2 ჰიპერმარკეტითა და 42 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი.
ქართული ქსელური სუპერმარკეტებიდან ყველაზე ძველი „ნიკორაა,“ რომელიც ბაზარზე 2000 წლიდან გამოჩნდა. „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯმენტის ქვეშაა ასევე „ლიბრესა“ და „ნუგეშის“ ქსელებიც. კომპანია ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა წარმოდგენილი, თუმცა 242-დან 191 მაღაზიას, ანუ თითქმის 80%-ს თბილისში ფლობს. ნიკორა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელიცაა, სადაც 5000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
„ორი ნაბიჯის“ ისტორია 2010 წლიდან იწყება. მისი მიზანი უბნის მაღაზიების ჩანაცვლება იყო. დღეს ქსელი უკვე 250-მდე ობიექტს ითვლის. დასაქმებულთა რაოდენობა კი 2000-ს აღწევს. კომპანია დაბალ ფასებში პოზიციონირებას ცდილობს, რისთვისაც მომხმარებელს სისტემატურად სთავაზობს ფასდაკლების ორდღიან და ერთკვირიან აქციებს.
„სპარი“ ნიდერლანდებში 1932 წელს დაარსდა. დღეს ის 4 კონტინენტზე, 48 ქვეყანაში 12 700 მაღაზიას აერთიანებს, ყოველდღიურად 13 მლნ მომხმარებელზე მეტს ემსახურება და 200 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია საქართველოში ფრენჩაიზინგითაა წარმოდგენილი. ფრენჩაიზი 2014 წელს „ფუდმარტმა“ შეიძინა. იქამდე 1 წლით ადრე იმავე კომოპანიამ „პოპულისა: და „იოლის“ ქსელებიც შეიძინა.
საქართველოში პიველი ჰიპერმარკეტი 2004 წელს დიდ დიღომში „გუდვილმა“ გახსნა. კომპანია თბილისსა და ბათუმში 5 ჰიპერმარკეტსა და 3 სუპერმარკეტს ფლობს და 1600-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. მთავარ აქცენტს კომპანია არა ფასზე არამედ ხარისხზე და კორპორატიულ კლიენტებზე აკეთებს, რომელთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.
2015 წლის ოქტომბერში დაარსებული „ფერმა მარკეტი“ 2016 წლის ნოემბრიდან „აგროჰაბის“ სახელით ოპერირებს. გუდვილის მსგავსად აგროჰაბიც ხარისხზე და ნატურალურ პროდუქტზეა ორიენტირებული. კომპანია სულ სამ ფილიალს ფლობს, მათ შორის ორს თბილისში და ერთს ბათუმში.