საქართველოში უახლოეს ხანებში პურის ფასის კორექტირება მოსალოდნელი არ არის. როგორც „კომერსანტთან“ „პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ აცხადებს, ზოგიერთმა მეწარმემ ფასის დაწევის შესახებ განაცხადა, თუმცა ამას მასობრივი ხასიათი არ ექნება.
„არასწორი განცხადებები კეთდება, თითქოს ფქვილის ფასი 85 ლარი იყო და დღეს შედარებით იაფია. 85 ლარად ფქვილი არავის არ უყიდია, იყო 80-81 ლარი. კი ბატონო, გაიაფება მოხდა 5-6 ლარით.
5-6 ლარით, რომ ფქვილის ფასმა დაიწია ამ დროს ბუნებრივი აირის ფასმა 60%-ით აიწია. გაძვირდა ელექტროენერგია და წყალი. საერთო ჯამში ეს ამის საშუალებას ჯერჯერობით არ გვაძლევს. თუ კიდევ დაიწევს ფქვილის ფასი შესაძლოა ამის შემდეგ იფიქრონ მეპურეებმა ფასის კორექტირებაზე. წარმოება ხომ უნდა იყოს რენტაბელური?
ზოგიერთმა მეწარმემა გამოაცხადა, რომ პურის ფასს დავაკლებთო, რადგან ბაზარზე კარგად შევიდნენ. არიან ასეთი მეწარმეები. კონკურენციაა თავისებური აქაც. კონკურენციაში 5 თეთრსაც მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.
„პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, ფქვილის ფასის კლების პარალელურად გაძვირდა სხვა სახარჯი მასალებიც, რასაც პურის ფასში გარკვეული ადგილი უკავია. იმავდროულად დარგში სპეციალისტების დეფიციტია.
„პურის მწარმოებლებს იცით რა მდგომარეობა აქვს? გარბის ხალხი, სპეციალისტები არ ჰყავთ. ხელფასები 500-700 ლარი სამცვლიან სამუშაოზე, ხალხი აღარ ჩერდება და უცხოეთში მიდიან. გაძვირდა დამხმარე მასალები, მარილი, საფუარი. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია“, აცხადებს დოლიძე.