სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა” 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს კომპანიამ 13 მილიონი ლარის შემოსავალი და 8.2 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. 2020 წელს კი სასტუმრო 4.6 მილიონი ლარის ზარალზე იყო, ხოლო მისი შემოსავლები თითქმის 3-ჯერ ნაკლები.
კომპანიის მოგება განაპირობა სასტუმროს ღირებულების ხელახალმა შეფასებამ, რაც წინა შეფასებასთან შედარებით 8.7 მილიონი ლარით მეტი იყო. რაც შეეხება აქტივებს, 2020 წელს ის 39 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2021 წელს 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
„2021 წელს კომპანია ოპერირებდა კოვიდ-19 შეზღუდვების გათვალისწინებით სრული წლის განმავლობაში. 2020 წელს კომპანიას რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული ქონდა საოპერაციო საქმიანობა. 2021 წელს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას მნიშვნელოვანი გავლენა ქონდა საქმიანობის შედეგებზე“, — აღნიშნულია ანგარიშში.
2021 წელს ობიექტი სულ 54,702 სტუმარს მოემსახურა, ხოლო დღიური შემოსავალი ერთი სტუმრიდან 238 ლარი იყო. „ბორჯომი ლიკანის“ დატვირთულობის კოეფიციენტი გასულ წელს 52% იყო.
2021 წელს სასტუმრო ნომრებიდან სასტუმრომ 6,981,818 ლარის, რესტორნის მომსახურებიდან 4,658,906 ლარის, ხოლო სპა და სამედიცინო გამაჯანსაღებელმა მომსახურებებიდან 1,326,151 ლარის შემოსავალი მიიღო.
„კომპანიის ხელმძღვანელობასა და მის დამფუძნებელს სურვილი აქვთ სასტუმრო განავითარონ სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. კომპანია აქტიურად ადევნებს თვალს სასტუმრო, სარესტორნო და სამკურნალოგამაჯანსაღებელ ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს და ახალ ტენდენციებს. კომპანიის მიზანია კომფორტული ატმოსფერო შეუქმნას, როგორც სასტუმროს სტუმრებს, ასევე რესტორნების მომხმარებლებს. ატმოსფეროს, რომელიც პასუხობს მათ მოთხოვნებს. ამ სტრატეგიით მუშაობა კი, ახალი იდეების რეალიზაციისა და შემდგომი განვითარების საწინდარი ხდება“, — ნათქვამია ფინანსურ ანგარიშგებაში.
2021 წელს სასტუმრომ საკუთარი თანამშრომლების ხელფასებზე 2.8 მილიონი ლარი დახარჯა, მარაგების ხარჯი 2 მილიონი ლარი იყო, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი კი 2.3 მილიონი ლარი, სხვა საოპერაციო ხარჯმა 2.3 მილიონი ლარი შეადგინა.
საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ გაყიდვას დღემდე ცდილობს, ამჯერად მეოთხედ. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი პირველად 2019 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მაშინ ობიექტის საწყისი ღირებულება 37 565 408 აშშ დოლარს შეადგენდა. მეორე აუქციონი 2020 წლის 4 სექტემბერს გაიმართა, ქონების შესყიდვის მინიმალური ფასი 30 052 326 აშშ დოლარს შეადგენდა. მესამე აუქციონი გასულ წლის ივნისში ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონთან შედარებით ფასი თითქმის $13 მლნ–ით ნაკლები იყო ($24 041 861), ინვესტორები ობიექტით არ დაინტერესდნენ.
ბორჯომ-ლიკანის კურორტის ტერიტორიაზე სასტუმრო 2015 წელს გაიხსნა. „საპარტნიორო ფონდისა“ და ყაზახური კომპანია „KazMunaiGaz Service“-ის ერთობლივი პროექტი იყო, თუმცა 2018 წელს ქართულმა მხარემ პარტნიორებისგან 50%-იანი წილი გამოისყიდა და 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად სასტუმრო „Rixos“-ის ბრენდის სახელით ოპერირებდა, თუმცა 2018 წელს საერთაშორისო ბრენდმა ბორჯომი დატოვა. „ბორჯომი ლიკანის“ საკუთრებაში 156 600 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 151 ნომერს აერთიანებს.