5 მთავარი მოვლენა, რომლებსაც 2021 წელს სპორტის ქომაგები ყველაზე მეტად ელოდებიან

5 მთავარი მოვლენა, რომლებსაც 2021 წელს სპორტის ქომაგები ყველაზე მეტად ელოდებიან

access_time2021-01-07 16:00:58

2020 წელი ურთულესი აღმოჩნდა მთლიანად მსოფლიოსთვის და შესაბამისად, სპორტისთვისაც. კორონავირუსის პანდემიის გამო შეუძლებელი გახდა დაგეგმილი უამრავი ტურნირისა და ჩემპიონატის, მათ შორის ოლიმპიური თამაშებისა და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება. გადაიდო, დროებით შეწყდა ან სულაც გაუქმდა უამრავი სპორტული ღონისძიება… დღეს მსოფლიო, სპორტულ სამყაროსთან ერთად, იმედოვნებს და ამის წინაპირობაც უკვე არსებობს, რომ 2021 წლისთვის პანდემია აღარ იქნება ისეთი დამაბრკოლებელი, როგორიც წინა წელს იყო.

 

შესაბამისად, 2021 წელი ქართული სპორტისა და მისი გულშემატკივრებისთვისაც განსაკუთრებულია. მთავარი მოვლენა კვლავაც ოლიმპიური თამაშებია, რომელსაც ტოკიომ ერთი წლის დაგვიანებით უნდა უმასპინძლოს. ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს მოუწევს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა, კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს კი - ევრობასკეტის ბოლო საკვალიფიკაციო ფანჯრის (ბაბლის) მასპინძლობა. ინტერესით ველოდებით ბორჯღალოსნების გადადებულ მატჩს რუსეთთან, ქართული საფეხბურთო კლუბების გამოსვლას ახალ ევროტურნირზე, UFC-ში ქართველი მებრძოლების მორიგ გამარჯვებებს, სპორტის სხვადასხვა სახეობებში მნიშვნელოვან ტურნირებზე ჩვენი სპორტსმენების ინდივიდუალურ თუ გუნდურ წარმატებებს...

 

ქვემოთ წლის ხუთ გამორჩეულ სპორტულ მოვლენას დავასახელებთ, რომელთა მიმართ ქართული სპორტის ქომაგს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს.


ოლიმპიური თამაშები

 

23 ივლისი-8 აგვისტო | ტოკიო 2020 (გადატანილია 2021 წლისთვის)

 

იაპონიის დედაქალაქმა ტოკიომ ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის 12 500-ზე მეტი სპორტსმენის გამოსვლას ელოდებიან, ერთი წლის დაგვიანებით - 2021 წლის ზაფხულში უნდა უმასპინძლოს.




ცოტა ხნის წინ, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) მხარი დაუჭირა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებას, რომელმაც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში არსებული დარღვევების გამო რუსეთი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ და ჰიმნის გარეშე გავლენ.

 

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტოკიოში საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამოსვლა და შედეგებია. თუ რამდენი სპორტსმენით წარსდგება ჩვენი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე, მოგვიანებით დადგინდება, მედლების მოპოვების ამბიციები კი, რა თქმა უნდა, უმთავრესად ძალოსნობაში, ძიუდოში, ჭიდაობის სახეობებში გვექნება.


ცნობისთვის, საქართველოს საუკეთესო შედეგი ოლიმპიურ თამაშებში 2008 წელს ჰქონდა. პეკინის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა (35 მონაწილე) 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.


მუნდიალის შესარჩევი

 

ქართული ფეხბურთისთვის 2020 იმედგაცრუების წელი იყო და ეს პირველ რიგში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის წაგებული ფინალის (0:1) გამო. ცარიელ "დინამო არენაზე" გამართული ის მატჩი უკვე წარსულია, ცხოვრება კი გრძელდება და გამოუყენებელ ისტორიულ შანსზე წუწუნის ნაცვლად, წინ იმედით ყურება და იმ ნაკლოვანებების სწორად გააზრება გვჭირდება, რაც ოცნების ასრულებაში ხელს აქამდე გვიშლიდა


საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წელს, რომელსაც მთავარი მწვრთნელის გარეშე ხვდება, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. რბილად რომ ვთქვათ, არცთუ იღბლიანი წილისყრის შედეგად, საქართველო B ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთს, შვედეთს, საბერძნეთსა და კოსოვოს დაუპირისპირდება.

 

მეტი ამ თემაზე: საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა! მუნდიალის შესარჩევის წილისყრის შედეგები

 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 25 მარტს,  სტუმრად შვედეთთან გავხსნით და 11 ნოემბერს, ისევ შვედეთთან საშინაო დაპირისპირებით დავასრულებთ. საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარი სრულად ასე გამოიყურება:

 

 25 მარტი ⚽ შვედეთი V საქართველო

 

 28 მარტი ⚽ საქართველო V ესპანეთი


 

 31 მარტი ⚽ საბერძნეთი V საქართველო

 

 2 სექტემბერი ⚽ საქართველო V კოსოვო

 

 5 სექტემბერი ⚽ ესპანეთი V საქართველო

 

 9 ოქტომბერი ⚽ საქართველო V საბერძნეთი

 

 12 ოქტომბერი ⚽ კოსოვო V საქართველო

 

 11 ნოემბერი ⚽ საქართველო V შვედეთი.

 



ჯერჯერობით უცნობია, ვის ჩააბარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნულ ნაკრებს. ასევე უცნობია, არჩევანი ადგილობრივ სპეციალისტზე გაკეთდება თუ უცხოელზე. იმედი ვიქონიოთ, სფფ კანდიდატურას სწორად შეარჩევს და გუნდის პროგრესი ყველა ტურნირში თვალსაჩინო იქნება


მოთელვა ევრობასკეტის წინ

 

15-23 თებერვალი -  ევრობასკეტის ბაბლი

 

საქართველო, რომელიც ევრობასკეტი 2022-ის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს, 2021 წლის თებერვალში საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯარას, ე.წ. "ბაბლს" უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც 4 მატჩი გაიმართება.

 

E ჯგუფის მონაწილე ოთხივე ეროვნული ნაკრები: საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბება და დასკვნითი 2 ტურის 4 შეხვედრას ჩაატარებს. ესენია: საქართველო-სერბეთი, ფინეთი-შვეიცარია, საქართველო-ფინეთი და სერბეთი-შვეიცარია. ქართველი კალათბურთელები სერბეთს 19 თებერვალს ეთამაშებიან, 21-ში კი - ფინეთს

 



შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდმა "ბაბლის" პრინციპით, ფინეთში გამართულ ნოემბრის ფანჯარაში წარმატებით იასპარეზა - ორივე მატჩი მოიგო, სულ კი საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-იდან 4 მოგება აქვს და ჯგუფის ლიდერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირის ფინალური ეტაპის საგზურს მასპინძლის სტატუსის გარეშე, სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა.

 

2021 წლის ზაფხულში საქრთველო 20-წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონსაც მიიღებს.


ქართული კლუბები ევროთასებზე

 

საქართველოს 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი დინამო თბილისის ტრიუმფით დასრულდა, საქართველოს თასის მფლობელი კი გაგრა გახდა. მათთან ერთად 2021/22 წლების ევროთასებზე ჩვენი ქვეყნიდან ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი და მესამეადგილოსანი გორის დილაც წარსდგებიან.

 

 

ისევე, როგორც ბოლო სეზონებში, ახლაც ევროთასებზე ოთხი ქართული კლუბი გამოვა, ოღონდ, წინა წლებისგან განსხვავებით, მათგან სამი (დინამო ბათუმი, გორის დილა და გაგრა) არა ევროპალიგაზე, არამედ უეფას ახალ საკლუბო ტურნირში - კონფერენსლიგაში იასპარეზებს. სამივე ქართული კლუბი ტურნირში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

 

 


რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონს, დინამო თბილისი, რომელმაც წლის ბოლოს მთავარი მწვრთნელი შეიცვალა (ჩისკო მუნიოსის თანამდებობა გიორგი ნემსაძემ დაიკავა), ბედს კვლავაც ჩემპიონთა ლიგაში, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდის. ამ ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაშიც, დინამო ევროთასებზე გამოსვლას გააგრძელებს, ოღონდ - კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ევროპალიგაზე კი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მარცხის შემთხვევაში გადაინაცვლებს.


ქართველი მებრძოლები UFC-ში

 

ბოლო დროს საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, შერეული ორთაბრძოლები სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებული ინტერესი კი UFC-ის მიმართ არსებობს, რომლის ეგიდით უკვე ექვსი ქართველი მებრძოლი გამოდის - ერთი ქალი და ხუთი მამაკაცი.

 

ამ დროისთვის UFC-ში ჩვენს გულშემატკივარს საქომაგო ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე ჰყავს, თუმცა 2021-ში ამ ორგანიზაციაში ქართველი მებრძოლების რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება და იმედია, აღარც კორონავირუსის პანდემია გახდება დაგეგმილი შეხვედრების გადადებისა თუ გაუქმების მიზეზი, როგორც ეს 2020 წელს არაერთხელ მოხდა.

 



ჯერჯერობით UFC-ში ქართველი მებრძოლების მომავალი მეტოქეებისა და ორთაბრძოლების გამართვის ვადების შესახებ ცნობილი არაა და ამის შესახებ მომავალში გაირკვევა, იქამდე კი 2021 წელს UFC-ში ჩატარებული 5 ბრძოლიდან ამდენივე მოგებით ხვდება 32 წლის გიგა ჭიკაძე, 7-იდან ზედიზედ ბოლო 5 მოგებაა 29 წლის მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე, 2-იდან 2 გამარჯვება აქვთ 32 წლის რომან დოლიძეს და 23 წლის ილია თოფურიას. UFC-ში დებიუტი წარმატებული ჰქონდა 28 წლის გურამ ქუთათელაძეს, ხოლო 25 წლის ლიანა ჯოჯუას ამ დროისთვის ერთი მოგება და ორი მარცხი აქვს.

 

2021 წელი ქართული სპორტისთვის სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება გამორჩეული. უპირველესად კი თებერვალში დაგეგმილი საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება უნდა ვახსენოთ, რომელსაც "ბორჯღალოსნებისთვის" სპორტული თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა, რომელიც თბილისში ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე უნდა შემდგარიყო, 2021 წლის 6 ან 7 თებერვალს გაიმართება. ამას გარდა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულს ნაკრებს, რომელსაც ლევან მაისაშვილი წვრთნის, წინ რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ელის, რომელიც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპია. ასევე არის საუბარი ზაფხულში გასამართ ტესტ-მატჩებზეც, რომლებიც "ბორჯღალოსნებმა" არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა გამართონ...

 

დაბოლოს, ვიტოვებთ იმედს, რომ 2021 წელს პანდემია აღარ იქნება დამაბრკოლებელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, სპორტისთვის.



წყარო:popsport.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up