„ვითიბი ბანკმა”, რომელიც აშშ-ის ხაზინის სანქცირებულ პირთა სიაშია, 2022 წელი 51.3 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.
ბანკის ზარალის მიზეზი გასულ წელს „ვითიბი ბანკი საქართველოს“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვედრა იყო, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქცირებულმა ვითიბი ბანკმა საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა. გარიგების შედეგად, საცალო პორტფელი „ბაზის ბანკმა“, მცირე და საშუალო ბიზნესის კი „ლიბერთიმ“ გადაიბარა.
გასული წლის 12 თვის მონაცემებით, ბანკის ფინანსური მაჩვენებლები ასეთია:
აქტივები - 430 მილიონი ლარი, კლება 80%;
მთლიანი სესხები - 253.3 მილიონი ლრი, კლება 83%;
დეპოზიტები - 9.4 მილიონი ლარი, კლება 91%.
ბანკის აქციათა 97.38%-ს რუსული VTB ბანკი ფლობს, რომლის აქციების 59.34%-ის მეპატრონე არის რუსეთი ფედერაციის სახელმწიფო, ხოლო ბანკის 1.47% შპს „ლაკარპა ენტერპრაიზის ლიმიტედის“ საკუთრებაა.