თბილისის მერია, დედაქალაქის ტერიტორიაზე მდებარე 6 სკვერში ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 268 768 ლარია.
შესყიდვა 11 აპრილს გამოცხადდა. წინადადებების მღება 21 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება. მიწოდების ვადად კი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღეა განსაზღვრული.
შესყიდვაში შედის როგორც თავად ვიდეოკამერები, ასევე თანმდევი მომსახურება - ვიდეოკამერების მოწყობა და კონფიგურაცია.
ტექნიკურ მოთხოვნებში ნათქვამია, რომ კამერები ვიდეო-არქივაციას უნდა ახდენდნენ ქსელის მეშვეობით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის მიერ მითითებულ, მოშორებით განთავსებულ სერვერულ აპარატურაზე და ჩაწერას უნდა ახორციელებდნენ წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით 24 საათის განმავლობაში.
კამერები უნდა დამონტაჟდეს შემდეგ ადგილებზე: ზემო ფონიჭალის სკვერი, ვაზისუბნის სკვერი, ივერთუბანი, პუშკინის სკვერი, გეგეშიძის სკვერი, დოდო აბაშიძის სკვერი.