2022 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10.2% შეადგინა, ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. ოქტომბრის ინფლაცია კი 10.6%-ს გაუტოლდა, მასზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია.
ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით ზრდის მიუხედავად, ფასები და ინფლაცია მნიშვნელოვნად იზრდება. მისი პროგნოზით, 2023 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა დაიკლებს თუმცა ეს უვე გაზრდილ ფასებზე მნიშვნელოვან გავლნას ვერ მოახდენს.
„რეალურად 6 წლის წინანდელთან შედარებით დღეს პროდუქციის ფასები 65%-ით არის გაზრდილი. ზოგიერთ პირველადი მოხმარების პროდუქტზე, მაგალითად პურზე 12 წლის მონაცემებს, რომ შევადაროთ 100%-ზე მეტად არის გაზრდილი.
ამ ბოლო პერიოდში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა იმიტომ, რომ ჯერ ერთი მას წინ უსწრებდა პანდემია და ვადარებთ მაშინდელ მონაცემებს, თუმცა პანდემიას რომ თავი დავანებოთ და გადავხედოთ იმას თუ რა თანხები შემოდიოდა ემიგრანტებისგან ბოლო პერიოდში, მივხვდებით ზრდის მიზეზებს.
ზაფხულში ემიგრანტებისგან ჩარიცხვების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ამ თანხამ 510 მილიონამდე დოლარი შეადგინა, გარდა ამისა თანხის დიდი ნაწილი გადმოაქვს ხალხს საზღვარზე და ეს თანხები ჩარიცხვებში არ ჩანს. მასიურად შემოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, აქ ხსნიან ანგარიშებს და ერიცხებათ თანხები. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკას ჟუჟუნა წვიმასავით დაეცა თავს“, — ამბობს ნიკა შენგელია.
ეკონომიკის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მზარდი ინფლაცია და სასურსათო პროდუქციის გაძვირება, გარკვეულწილად, ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამაც განაპირობა.
„რუსეთიდან და ბელორუსიდან ჭარბი მიგრაციის ფონზე პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენ წარმოება არ გვაქვს და შესაბამისად იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. გაძვირებულია ნედლეული და სურსათი, რაც მეტწილად უცხოეთიდან შემოდის. ჩვენს პირველ სავაჭრო პარტნიორ თურქეთში ინფლაცია 83%-ს გადასცდა, ხოლო რუსეთში, რომელიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია, ინფლაცია 14-15%-ის ფარგლებშია. რა თქმა უნდა, წნეხს საქართველოში, ინფლაციაზე ესეც აძლიერებს.
რაც შეეხება გამოსავალს, იმ ფულად-საკრედიტო ეკონომიკური პოლიტიკით რომელიც ქვეყანას აქვს, ჩვენ სხვა უკეთესი ცხოვრება არ გვიწერია, რადგან ხელისუფლება აგრძელებს წინამორბედის ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკას რაც ნიშნავს მეტ ემიგრანტს უცხოეთში და იქედან მეტი თანხების შემოსვლას, შესაბამისად ეკონომიკა ჩამოკიდებულია ჩვენი ემიგრანტების შრომაზე. ქვეყანაში წარმატებული სფერო არის მხოლოდ საფინანსო სექტორი და რამდენიმე მსხვილი კომპანია“, — ამბობს ნიკა შენგელია.
მთავრობის განახლებული პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა 10%, ხოლო მომდევნო წელს 5% იქნება. რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2023 წლის თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება წლის მეორე ნახევარში მოხდება.