საქართველოს პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს. 28 სექტემბერს საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომის გამართვა იგეგმება, მანამდე კი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატან ცვლილებებს კომიტეტები ხვალიდან განიხილავენ.
როგორც მთავრობაში განმარტავენ, 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტში ერთ-ერთი მთავარი ცვლილება დეფიციტის და ვალის შემცირებაა. დღეს არსებული 4,4-პროცენტიანი დეფიციტის ნაცვლად, კორექტულ ვარიანტში ის 3,2 პროცენტი იქნება, ხოლო სახელმწიფო ვალის 51%-იანი ნიშნულის 39,6 პროცენტამდე შემცირება იგეგმება. გარდა ამისა, განახლებული ბიუჯეტი 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის გათვლილი, არსებული 6%-იანი ზრდის ნაცვლად.
711 მილიონი ლარით მცირდება ახალი საგარეო ვალების აღების მაჩვენებელი და ის თავდაპირველად დაგეგმილი 3 მილიარდის ნაცვლად, 2.34 მილიარდი ლარი იქნება. საგარეო ვალების კლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ლარის კურსის ცვლილებაა, რადგან ბიუჯეტის დამტკიცების დროს ერთი დოლარის ღირებულება 3.11 ლარს შეადგენდა, კორექტირებული პროექტით კი დოლარის 2.85 კურსით არის განსაზღვრული. რაც შეეხება ევროში არსებულ ვალებს, აქაც ცვლილებებია, რადგან თავდაპირველ ვარიანტში 3.49-ის კურსი იყო, ხოლო კორექტირებულში 2.85-ის კურსია. ვალის შემცირება კონკრეტული პროექტების დაფინანსების გეგმის ცვლილებამაც განაპირობა.
რაც შეეხება შიდა ვალებს, ის უცვლელია და კვლავ 1.3 მილიარდ ლარზე არის განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ მთლიანად ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 480 მილიონით, 19.65 მილიარდ ლარამდე იზრდება. მთავრობის განცხადებით, ხარჯების მატება მოსალოდნელზე მაღალმა საგადასახადო შემოსავლებმა განაპირობა. თავდაპირველი პროექტით, წელს 13.42 მილიარდის მოცულობის გადასახადების აკრეფა იყო დაგეგმილი, განახლებული ბიუჯეტით კი 14.47 მილიარდის გადასახადების ამოღება არის გათვალისწინებული. თავდაცვის სამინისტროში არის 80 მილიონით ზრდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 150 მილიონით არის გაზრდილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო 70 მილიონით, ჯანდაცვის სამინისტრო 210 მილიონით, იუსტიციის სამინისტრო 10 მილიონით, კულტურა და სპორტის სამინისტრო 43 მილიონით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი 80 მილიონით.