იანვარ–მაისში საბანკო სექტორი რეკორდულ მოგებაზე – 764,995 მლნ ლარზე გავიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სტატისტიკური მონაცემებით, მაისში ბანკების მოგებამ 180,117 მლნ ლარი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126,764 მლნ ლარით (237,5%-ით), წინა თვესთან შედარებით კი 7,046 მლნ ლარით (4%-ით) მეტია.
უშუალოდ კომერციული ბანკების მიერ მიღებულ მოგებას რაც შეეხება, ჩამონათვალში საქართველოს ბანკი ლიდერობს და მან იანვარ–მაისში 363.5 ლარის მოგება ნახა, თიბისი მეორე ადგილს იკავებს 294.7 მლნ–იანი მოგებით, პირველ სამეულს კი გაცილებით ნაკლები მოგებით – 18.03 მლნ ლარით ლიბერთი ხურავს. მეოთხე ადგილზეა პროკრედიტ ბანკი 15,5 მლნ ლარით, ხოლო მეხუთე ადგილს 13,5 მლნ ლარით ქართუ ბანკი იკავებს.
კომერციული ბანკების მიერ 2021 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:
იანვარი - 113,368 მლნ ლარი
თებერვალი - 132,115 მლნ ლარი
მარტი კი 166,324 მლნ ლარი
აპრილი - 173,071 მლნ ლარი
მაისი - 180,117 მლნ ლარი
სებ–ის სტატისტიკით, 2021 წლის მაისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 480,397 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 395,658 მლნ ლარი. მარტში კომერციული ბანკების ხარჯებმა 275,682 მლნ ლარი შეადგინა.
ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 4,979 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 13,767 მლნ ლარი შეადგინა. წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 35,136 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99,262 მლნ ლარი შეადგინა. ეს იყო მოგების ყველაზე მცირე მაჩვენებელი, რაც ბანკებს ბოლო წლებში ჰქონდათ მიღებული. ამის მიზეზი კი, კორონავირუსის პანდემიის პირველი თვე იყო, როდესაც ბანკებს სესხების მასობრივი გადავადება მოუწიათ. შესაბამისად, 2020 წლის მარტში ბანკები 943,130 მლნ-იან ზარალზე გავიდნენ. თუმცა მას შემდეგ, კომერციული ბანკები წაგებაზე არ გასულან.