2022 წლის პირველ 9 თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 64.9%-ით გაიზარდა და 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვირის მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილების წლიური ზრდა 84.6%-მდე დაჩქარდა და 387.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა წინა თვის 63.1%-იანი ზრდის შემდეგ. ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა შემდეგი ძირითადი დონორი ქვეყნებიდან: რუსეთი (+351.0%, მთლიანის 44.9%, ამ თანხის ნაწილი მიგრაციას უკავშირდება), იტალია (+6.5%), აშშ (+17.0%), ყირგიზეთი (+417.0%), ისრაელი (+6.5%) და გერმანია (+46.5%). ამასთან, ფულადი გზავნილების წლიური შემცირება გაგრძელდა საბერძნეთიდან (-7.7%) და თურქეთიდან (-1.0%) სექტემბერში.
რაც შეეხება ტურიზმის შემოსავლებს, 2022 წლის სექტემბერში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის სექტემბრის დონესთან შედარებით 117.9%-ით აღდგა და 375.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+132.1% წ/წ).
„სებ-ის თანახმად, 2022 წლის პირველ 9 თვეში, ტურიზმის შემოსავლებმა 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+190.8% წ/წ), რაც 2019 წლის პირველი 9 თვის შემოსავლების 97.5%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში მწარმოებელთა ფასების ინდექსის წლიური ზრდა 9.2%-მდე შენელდა, წინა თვის 11.0%-იანი ზრდის შემდეგ. ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებში: დამამუშავებელი მრეწველობა (+14.0% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობა (-15.7% წ/წ).
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში ექსპორტი წლიურად 40.0%-ით გაიზარდა 523.2 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 41.2%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, იმპორტის ზრდის ტემპი 13.8%-მდე შენელდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის მაღალი 41.5%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, 2021 წლის მარტის შემდეგ სავაჭრო დეფიციტი პირველად შემცირდა 3.1%-ით და 561.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 41.6%-იანი ზრდის შემდეგ. 2022 წლის სექტემბერში მანქანები (+122.1% წ/წ), სპილენძი (+29.1% ფეროშენადნობები (+17.7% წ/წ), წ/წ), ღვინო (+22.0% წ/წ) და სასუქები (+69.5% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 8.1% ევროკავშირზე მოდიოდა (-24.3% წ/წ), 53.8% დსთ-ზე (+57.1% წ/წ) და 38.2% სხვა ქვეყნებზე (+43.8% წ/წ). 2022 წლის სექტემბერში ტოპ-5 იმპორტი იყო ნავთობი (+75.9% წ/წ), მანქანები (+4.4% წ/წ), სპილენძი (-56.4% წ/წ), მედიკამენტები (+1.6% წ/წ) და ტელეფონები (+38.6% წ/წ). ჯამურად, 2022 წლის პირველ 9 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 32.2%-ით გაიზარდა და 5.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 37.4%-ით გაიზარდა 4.1 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 34.4%-ით გაიზარდა 9.5 მლრდ აშშ დოლარამდე“, — აღნიშნულია კვირის მიმოხილვაში.