2022 წლის წლის პირველ ნახევარში ბანკებმა ჯამში 838 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, ხოლო საბანკო სექტორის აქტივების ზომა 64.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. სექტორის წარმომადგენელთა უმეტესობამ მეორე კვარტალში მოგებაზე გასვლა შეძლო, ზარალზე მხოლოდ 3 ბანკია, მათ შორის „ვითიბი“, რომლის ზარალმა 91,507,663 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მოგება 19,366,015 ლარი იყო.
ბანკის ზარალის მიზეზი რამდენიმე თვის წინ „ვითიბი ბანკი საქართველოს“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვედრა იყო, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქცირებულმა ვითიბი ბანკმა საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა. გარიგების შედეგად, საცალო პორტფელი „ბაზის ბანკმა“, მცირე და საშუალო ბიზნესის კი „ლიბერთიმ“ გადაიბარა.
2022 წლის II კვარტლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „ვითიბიმ“ სანქციების შედეგად საკუთარი აქტივების, სესხებისა და დეპოზიტების უდიდესი ნაწილიც დაკარგა და ამ დროისთვის ბანკის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
აქტივები - 470,823,059 ლარი, კლება 77%;
სესხები - 310,948,836 ლარი, კლება 79%;
დეპოზიტები - 42,626,499 ლარი, კლება 97%.
ბანკის აქციათა 97.38%-ს რუსული VTB ბანკი ფლობს, რომლის აქციების 59.34%-ის მეპატრონე არის რუსეთი ფედერაციის სახელმწიფო, ხოლო ბანკის 1.47% შპს „ლაკარპა ენტერპრაიზის ლიმიტედის“ საკუთრებაა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვითიბი ბანკი საქართველოს“ შეძენას ბიზნესმენი დავით ხიდაშელი გეგმავს. თუმცა რამდენად შეესაბამება სიმართლეს მის მიერ ბანკის შესაძლო შესყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ხიდაშელმა „კომერსანტთან“ პირდაპირი პასუხებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია. შეგატყობინებთ როგორც კი გავაკეთებ ან შევიძენ რამეს“. თავის მხრივ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც აცხადებს, რომ სებ-ში ჯერჯერობით, ბანკის ყიდვით დაინტერესებული მხარის განცხადება არ შესულა.