დღეიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება. ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის ბოლო სხდომაზე ითქვა.
საკითხზე თბილისის მერმა ისაუბრა. მისი თქმით, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები.
„20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა, იჯარის წესით გადასცენ ნებართვა ვინმეს თუ გაყიდონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიმართა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომ თუ 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართეს, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ.