შპს „აჭარული ღვინის სახლმა“, რომელიც მრავალფუნქციურ, შატოს ტიპის „აჭარული ღვინის სახლს“ ფლობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისწყალში მდებარე 24758 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე იყიდა. აუქციონზე აღნიშნულ მიწის ნაკვეთში კომპანია „აჭარული ღვინის სახლმა“ 104 000 ლარი გადაიხადა. ობიექტი რაიმე სახის საინვესტიციო ვალდებულებით დატვირთული არ არის.
როგორც „კომერსანტს“ შპს „აჭარული ღვინის სახლის“ დირექტორმა თამაზ თურმანიძემ განუცხადა, ახლად შეძენილ მიწის ნაკვეთზე კომპანია საკოლექციო მეურნეობის მოწყობას აპირებს, რომელიც „აჭარის ღვინის სახლის“ ერთიან კონცეფციაში ჩაჯდება და ტურიზმის მიმართულებითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა გახდება.
„„აჭარის ღვინის სახლი“ ჩამოყალიბდა 2010 წელს ჩხავერისა და ცოლიკაურის ჯიშის ყურძნების გადასარჩენად, ეს ფუნქცია მან შეასრულა. ახლა კი ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია გვაქვს, რომ საკოლექციო მეურნეობა გავაკეთოთ.
ჯიღაურაში დაცულია 18-25 სახეობის აჭარის აბორიგენული ჯიშის ყურძნები და გვინდა, რომ ახლად შეძენილ ტერიტორიაზე საკოლექციო მეურნეობა გავაკეთოთ. ეს იქნება პოპულარიზაცია აჭარაში დაცული თუ არსებულ ყურძნებისა და გვინდა ამ მიმართულების აღორძინება მოვახდინოთ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან და გაფართოებასთან ერთად. ეს ყველაფერი კი „აჭარის ღვინის სახლის“ მთლიან საქმიანობაში ჩაჯდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ თამაზ თურმანიძემ.
მისივე თქმით, ვაზის მსხმოიარობას 5 წლიანი ვადა აქვს, ხოლო პირველ ნიშნებს უკვე 3 წლის შემდეგ იძლევა. მხოლოდ ვენახის გაშენებისთვის „აჭარული ღვინის სახლი“ 0,5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
ვენახებით გარშემორტყმული მრავალფუნქციურ შატოს ტიპის „აჭარული ღვინის სახლი“ ხელვაჩაურში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ობიექტში განთავსებულია ღვინის საწარმო, ენოთეკა, მარანი ქვევრებით და ღვინის სადეგუსტაციო დარბაზები.
„აჭარული ღვინის სახლი“ ბათუმიდან 20 კილომეტრში, ქედის მთავარ საავტომობილო გზაზე, მდინარის პირას მდებარეობს და პოპულარობით სარგებლობს ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს შორის.