„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „რესპუბლიკური“ პარტიის გატაცების საშუალებას არ მისცემს.
„მე უფრო დიდხანს ვარ „რესპუბლიკელი“, ვიდრე დონალდ ტრამპი და არ დავუშვებ, რომ ის მოვიდეს და ჩემი პარტია გაიტაცოს. არ დავუშვებ დონალდ ტრამპის გამარჯვებას. ამაშია ამ ბრძოლის არსი“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.
12 მაისს „რესპუბლიკურმა“ პარტიამ დონალდ ტრამპის კრიტიკოსი კონგრესმენი, ლიზ ჩეინი პარტიის ხელმძღვანელობას ჩამოაშორა. ლიზ ჩეინი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინის ქალიშვილი, „რესპუბლიკური“ პარტიის კონფერენციის თავმჯდომარე იყო.
მანამდე კი სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დონალდ ტრამპის გარეშე წინსვლას ვერ შეძლებს.
17 თებერვალს სენატორმა ლინდსი გრემმა „რესპუბლიკელ“ კოლეგებს იმის გააზრებისკენ მოუწოდა, რომ დონალდ ტრამპის გარეშე პარტია უმარავლესობაში დაბრუნებას ვერასდროს შეძლებს.
„შევეცადოთ ერთად ვიმუშაოთ, გავაცნობიეროთ, რომ პრეზიდენტი ტრამპის გარეშე, ჩვენ უმრავლესობაში დაბრუნებას ვერასდროს შევძლებთ. ან ცალკე დავრჩებით, ან ერთად დავდგებით, როგორც „რესპუბლიკელები“, - აღნიშნა მან.
imedinews.ge