კორონავირუსის გამო საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამოცხადების გამო, ავტომობილების დილერები რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შემცირებული ვაჭრობა მომავალში ფინანსურ ზიანს გამოიწვევს, დილერები სახელმწიფოში არსებულ აკრძალვას ემორჩილებიან.
„ავტომობილების ონლაინ გაყიდვა 50%-ით შემცირდა, მოსახლეობა საკვებსა და სხვა ნივთებს შორის არჩევანს აკეთებს“- ამის შესახებ „კომერსანტს“ ავტოდილერი ირაკლი ცერცვაძე ესაუბრა.
„35 მანქანა მყავს ჩამოყვანილი, ნაწილი რუსთავის ავტობაზარზე გავაჩერე , დანარჩენი კი პირად სივრცეში. ყველა მანქანა საიტზე მაქვს განთავსებული მანქანების მონაცემები და თუ ვინმე მსურველი იქნება გავყიდი, რა თქმა უნდა, ყველანაირი წესების დაცვით. თუმცა სიმართლე გითხრათ მსგავსი აქტივობისგან მეც თავს ვიკავებ და ვცდილობ ხალხთან კონტაქტი არ მქონდეს და მსურველიც არ არის ბევრი, თუ ადრე მირეკავდნენ მანქანის შესარჩევად მოდიოდნენ, მსგავსი ზარების რადენობა ძალიან შემცირდა. ხალხი ისეთ პანიკაშია ის თანხა რაც მანქანისთვის ჰქონდათ საკვებისთვის იყენებენ, რადგან არ იციან როდის გამოსწორდება მდგომარეობა.“-ამბობს ირაკლი ცერცვაძე.
რუსთავის ავტობაზრობა „ავტოპაპას“ მარკეტინგის მენეჯერის სტელა კამანდაროვას თქმით, ავტომობილების ონლაილ გაყიდვები განახევრებულია, ბაზრობა კი სრულად გაჩერებული.
„რა თქმა უნდა, გაყიდვებმა დაიკლო. საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ და დილერებს შეუძლიათ საკუთარი ავტომობილების შეყვანა ბაზრის ტერიტორიაზე. ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ, რა თქმა უნდა ყველანარი წესების დაცვით, რომ ეს მანქანები არ დარჩნენ გარეთ და უსაფრთხო ადგილი მივუჩინოთ.
ასევე დისტანციურ გაყიდვებზე ვმუშაობთ. ონალინ გაყიდვებიც შემცირებულია, თუმცა პროცენტულ რაოდენობას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ჯერ არ დაგვითვლია.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანების ღირებულება არ გაზრდილა, ახლა ისეთი პერიოდია, რომ მსგავს შენაძენს ხალხი ერიდება, რადგან ცდილობენ თავიანთი ხარჯები სხვა მხრივ გამოიყენონ.“-ამბობს კამანდაროვა.
ნათია ლომიძე