აზიის განვითარების ბანკმა (ADB) სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის მოხსენიებული.
2021 წლის მონაცემებით საქართველოში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი აგროკულტურის სექტორში მუშაობდა, მათი პროცენტული მაჩვენებელი 18.9% -ს შეადგენდა. შემდეგ მოდის საბითუმო და საცალო ვაჭრობის კუთხით დასაქმებულები, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი 14.9 %-ია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დასაქმებულთა დაახლოებით 60% კაცია, ხოლო 40% ქალი.
ასევე უნდა ითქვას, რომ 2021 წელს გასულ წელთან შედარებით ფასები გაიზარდა თითქმის ყველა მიმართულებით. საკვებ და არაალკოჰოლურ პროდუქტებზე 10.8% -იანი ზრდა დაფიქსირდა. მატება ასევე აღინიშნება სატრანსპორტო მომსახურების მხრივაც (15%). სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 2021 წელს 4.4 ერთეულით მოიმატა წინა წელთან შედარებით.
საინტერესოა ასევე, თუ რომელი სექტორი დაფინანსდა ყველაზე მეტად 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ADB-ს მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე მეტად სოციალური დაცვა დაფინანსდა, რისი პროცენტული მაჩვენებელი მთლიანის 23.5% -ს შეადგენს. შემდეგ მოდის ეკონომიკის სექტორი 17% -ით ,ხოლო მესამე ადგილს იკავებს ჯანმრთელობის სექტორი 13% -ით.
საგარეო ვაჭრობის მხრივ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, მატება ფიქსირდება. საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 4 აშშ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტი, ხოლო იმპორტმა 10 აშშ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბალანსშიც კლება ფიქსირდება. 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს თითქმის მილიარდით დაიკლო სავაჭრო ბალანსმა და -5,9 აშშ მილიარდ დოლარზე ნაკლები შეადგინა.
ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს საგარეო ვალი სულ 20 მილიარდი აშშ დოლარია; აქედან გრძელვადიანი თითქმის 17 მილიარდია, ხოლო მოკლევადიანი სასესხო ვალდებულება 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.