Adidas-მა ამერიკელ რეპერ და მოდის დიზაინერ კანიე უესტთან, იგივე Ye-სთან, ანტისემიტური განცხადებების გამო, ურთიერთობა გაწყვიტა. Financial Times-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება კომპანიას წელს 250 მილიონი ევროთი აზარალებს.
როგორც სამშაბათს გახდა ცნობილი, Adidas-ი აჩერებს ბოტასების ხაზ Adidas Yeezy-ის წარმოებას, რომელიც მან რეპერთან ერთად შექმნა და წყვეტს კანიე უესტისა და მისი კომპანიებისათვის ყველანაირ ფულად გადარიცხვებს.
აღსანიშნავია, რომ Adidas Yeezy-ის ხაზმა გერმანულ ბრენდს დიდი მოგება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებენ, ანალიტიკოსების გამოთვლით ეს ციფრი Adidas-ის მთლიანი მოგების 8%-ია.
ოქტომბრის დასაწყისში ტვიტერზე გავრცელებულ ინტერვიუში კანიე უესტი ალბათ ამიტომ ამტკიცებდა, რომ ანტისემიტური განცხადებების გამო Adidas მას ვერ შეელეოდა, მაგრამ საპირისპირო მოხდა და წამყვანი სპორტული ბრენდი ბიზნესპარტნიორს გაემიჯნა. Adidas-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია ვერ იქნება შემწყნარებელი ვერც ანტისემიტიზმისა და ვერც სიძულვილის გამომხატველი სხვა განცხადებების მიმართ.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა