adidas-მა ამერიკელ მომღერალ ბიონსესთან სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საკუთარი ხაზის, Ivy Park-ის განვითარებისთვის პარტნიორობა დაასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის ცნობით თანამშრომლობის მიზეზი კოლექციის დაბალი გაყიდვებია, თუმცა თანამშრომლობის შეწყვეტამდე კომპანია წელს დაგეგმილი Ivy Park-ის კოლექციებს გამოუშვებს.
The Wall Street Journal ბრენდის ანგარიშზე დაყრდნობით წერს რომ Ivy Park-ის პროდუქციის დიდი ნაწილი ვერ გაიყიდა და 2022 წელს მისი გაყიდვები 2021 წელთან შედარებით 50%-ით არის შემცირებული.
Adidas-ი ვარაუდობდა, რომ ბიონსესთან თანამშრომლობით 250 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა, თუმცა მოგებამ მხოლოდ 40 მილიონი დოლარი შეადგინა.
მომღერალმა საკუთარი სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზის, Ivy Park-ის ჩასაშვებად adidas-თან კრეატიულ პარტნიორობაზე 2018 წელს მოაწერა ხელი. ბიონსე Ivy Park-ს, როგორც მაღაზიათა ქსელ Topshop-ის კოლექციების ნაწილს, 2016 წლიდან ავითარებდა, თუმცა ქსელთან თანამშრომლობა ბრენდის სრულ მესაკუთრეობაზე ნებართვის მოპოვებით დაასრულა.