მოსკოვის პროკურატურამ შემოწმება დაიწყო იმასთან დაკავშირებით, აფინანსებდა თუ არა ვალერი მელაძე უკრაინის შეიარაღებული ძალებს, ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. დავალება მოსკოვის პროკურატურამ გენერალური პროკურატურისგან მიიღო.
იანვრის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მელაძის საახალწლო კონცერტიდან ვიდეო, სადაც ერთ-ერთი მაყურებელი ყვირის "დიდება უკრაინას!" მელაძე კი მიკროფონის მიღმა პასუხობს: „დიდება გმირებს“.
ამის შემდეგ, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ მიმართა გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს, რომ შეემოწმებინა მელაძე, რომელმაც, მისი თქმით, „ნაციონალისტური ლოზუნგებით განადიდა უკრაინა“ და გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება და ასევე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დატოვა ქვეყანა 2022 წლის თებერვალში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერის გარეშე.
ვალერი მელაძეს შემოწმება 2023 წლის მარტში უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმაც მოითხოვა.
ამასთან მარტის თვეში ცნობილი გახდა, რომ აპრილში ნოვოსიბირსკში, ბარნაულსა და კემეროვოში დაგეგმილი მელაძის კონცერტები გაუქმდა.