კრიპტოვალუტებთან ნებისმიერი ოპერაციების ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, აფხაზეთში მისი მოპოვება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ 2020 წლის პირველი 6 თვის მანძილზე აფხაზეთში 589 000 დოლარის მაინინგის აღჭურვილობა იქნა შემოტანილი.
საზღვარზე ამგვარი აპარატურის განბაჟება საკმაოდ მარტივია - ამისთვის საჭიროა მოწყობილობის ღირებულების 1%-ის გადახდა.
თუმცა, პარალელურად მაინინგი აკრძალულია - ეს უცნაურობა აფხაზეთის საბაჟო სამსახურის უფროსმა გურამ ინაფშბამ ახსნა. მისი თქმით, ამ გზით ხელისუფლება არალეგალურ მაინერებზე ნადირობს.
კონკრეტულად ნადირობა როგორ ხდება და როგორია მისი შედეგები, ამას მაღალჩინოსანი არ აკონკრეტებს.
ყველა ტიპის კრიპტოვალუტების მაინინგი აფხაზეთში 2018 წლის ბოლოს აიკრძალა. ამის მიზეზი ელექტროენერგიის დეფიციტი იყო - სამაინინგო ფერმები ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიდნენ და ამის გამო არაღიარებულ რესპუბლიკაში ენერგიის მწვავე დეფიციტი წარმოიშვა, რის გამოც მოსახლეობას დღეში რამდენიმე საათი ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა უწევდა.
oreanda.ru