სეპარატისტულ აფხაზეთს ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის ,,ენგურჰესის” გამომუშავებული ელექტროენერგია არ ჰყოფნის და უკვე საქართველო ენერგოსისტემიდან დამატებით მიაქვთ ელექტროენერგია. ამ დროს ენერგოსტაბილურობის მხრივ ურთულესი ვითარებაა. ამ მომენტისთვის ქვეყანა საჭირო დენის თითქმის ნახევარს ძვირი იმპორტისა და ასევე ძვირი თბოსადგურების ხარჯზე ივსებს.
ესკოს მონაცემების მიხედვით, 2019 წლის დეკემბერში ენგურჰესის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 185 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო ,,ვარდნილ ჰესის” გამომუშავებამ - 43 მლნ კვტ/სთ. აფხაზეთმა ამ პერიოდში მიიღო 250 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც ყველანაირ ზომა-წონას ბევრად აღემატება. ჯერ კიდევ ნოემბერში ოკუპირებულმა რეგიონმა 197 მლნ კვტ/სთ დენი მიიღო. იმის გამო, რომ ზამთარში ენგურჰესის გამოყენების საშუალება არ გვაქვს, იზრდება ძვირი ელექტროენერგიის წილი.
საგანგაშოა, რომ ჩვენი ელექტროენერგია აფხაზეთში, ძირითადად, ციფრულ მაინინგს ხმარდება, გალის რაიონი აივსო კრიპტოვალუტის პატარ-პატარა ფერმებით, სოხუმში ეს პროცესი კიდევ უფრო აქტიურია. ციფრული ვალუტის გარდა, ელექტროენერგიის დიდი ნაწილი რუსულ სამხედრო დანაყოფებს ხმარდება. ამის შესახებ იცის საქართველოს მთავრობამაც, მაგრამ ელექტროენერგიის მიწოდებას აფხაზეთისთვის არა თუ ზღუდავს, დამატებით იმპორტირებულ დენსაც უფასოდ აწვდის.
,,ბიზნეს-რეზონანსი” შეეცადა გარკვევას, რის ხარჯზე აწვდიან აფხაზეთს დამატებით ელექტროენერგიას, რაზეც ეკონომიკის სამინისტროში არავინ საუბრობს. თუმცა ცნობილია, რომ მიდგომა არც მომავალში შეიცვლება, რაზეც სულ ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აფხაზეთი ელექტროენერგიით კვლავ „ენგურჰესიდან“ მომარაგდება.
,,იცით, რომ „ენგურჰესის“ მეშვეობით, რომელიც ემსახურება ერთიან საქართველოს, ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს. წელსაც შეძლებისდაგვარად ყველაფერი გაკეთდება, არსებული ჰიდროლოგიის და წყლის მარაგის გათვალისწინებით, რომ ეს პრინციპი შესრულდეს, - ასეთია ეკონომიკის მინისტრის პოზიცია.
სპეციალისტები კი ამბობენ, რომ მთავრობას გაცნობიერებული აქვს პრობლემის სიმწვავე და ეძებს გამოსავალს. ერთ-ერთი ვერსიით, აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება იგეგმება, თუმცა სინამდვილეში სეპარატისტულ რეჟიმს ეს საკითხი საერთოდ არ აღელვებს, შესაბამისად, იგი ახლო მომავალში არც დაიწყება.
ქართველი ენერგეტიკოსები ემხრობიან აზრს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, დეპუტატი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ამბობს, რომ იგეგმება სამთავრობო დონის შეხვედრები, რათა ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდეს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი.
,,ენგურჰესის სადისპეტჩერო სადგური განლაგებულია საბერიოში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენ მასზე წვდომა არ გვაქვს. რამდენიც სჭირდებათ, იმდენი ელექტროენერგია მიაქვთ. გვინდა თუ არა, აფხაზეთის ელექტრომომარაგების საქმეს ვემსახურებით. ზამთარში ენგურჰესი, ფაქტობრივად, ოკუპირებული რეგიონისთვის მუშაობს, ეს არის რეალობა.
აქამდე ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას იღებდა ენერგეტიკის სამინისტრო, ახლა ეს ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციებში გადავიდა და აკეთებს იმავეს.
დღესდღეობით აფხაზეთს იმაზე მეტი ელექტროენერგია მიაქვს, რაც აქამდე იყო დაწესებული, ლიმიტს საგრძნობლად გადააჭარბეს. ყველაზე კარგი გამოსავალია, აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყოს, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მადის მოსათოკავად. ამაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაგრამ როდიდან დაიწყება ეს პროცესი, ჯერჯერობით უცნობია. თუკი აფხაზეთში გამრიცხველიანების საკითხი მოგვარდება, დენის მოხმარება შეიძლება ჩაჯდეს 40/60-ში, რის პირობაც მხარეებს შორის არაოფიციალურად დაიდო, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს არველაძემ.
ფაქტია, რომ აფხაზი სეპარატისტები აზარალებენ საქართველოს ენერგოსისტემას, რის გამოც მკვეთრად გაზრდილია იმპორტი.
ქართველი ენერგეტიკოსები ერთხმად აცხადებენ, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვა აუცილებელია და ეს ნაბიჯი დროულად უნდა გადაიდგას.ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტი მირონ ფირცხელანი ფიქრობს, რომ სწორი მმართველობის პირობებში პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება.
,,მუდმივად ვსაუბრობთ, რომ მიდგომა შესაცვლელია, მაგრამ ახალს ვერაფერს ვაკეთებთ. პოზიცია უნდა შეიცვალოს საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მოსალოდნელი. ყოველთვის ასე იქნება, სანამ პატრონი არ გვეყოლება. ისჯება ქართველი ხალხი. არ ვიცი, რას მოგვიტანს სამთავრობო დონის შეხვედრები, კარგს არაფერს ველოდები, რადგან ყოველთვის, ყველა დიალოგსა და მოლაპარაკებაში ქართული მხარე ზარალდება, ამასაც მივეჩვიეთ.
ჩვენი ხელისუფლება ყიდულობს ძვირ დენს და უფასოდ აწვდის აფხაზეთს და ამის შეცვლის შანსი არ არსებობს”, - ამბობს ,,ბიზნეს-რეზონანსთან ფირცხელანი.
ენერგეტიკოსის აზრით, მნიშვნელოვანია 2021 წლის შემდეგ როგორ მოხდება ელექტროენერგიის გადანაწილება, როცა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ,,ენგური” დაიკეტება.
,,მოლაპარაკების მთავარი საგანი უნდა იყოს, როგორი თანაფარდობით მოგვიწევს დენის გადანაწილება 2 წლის შემდეგ. ენგურჰესმა თუ გამოიმუშავა რაიმე, ის უნდა გადანაწილდეს თანაბრად და დანარჩენი კი აფხაზეთმა იყიდოს რუსეთისგან. უცნობია, რა გზას აირჩევს ხელისუფლება, მოლაპარაკების საკითხია, მაგრამ ისე უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამით არ დავზარალდეთ, ისედაც ბევრს ვკარგავთ, - განაცხადა ფირცხელანმა.
აფხაზეთის მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბური ზრდა და საქართველოს მხრიდან რეგიონის სრულად მომარაგება მიუღებელია აფხაზეთის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც. ,,ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ სეპარატისტული აფხაზეთისთვის დენის მიწოდების საზღაურს საქართველოს მთელი მოსახლეობა იხდის და ასეთი დამოკიდებულება შესაცვლელია.
ელექტროენერგიის მიწოდებაზე აფხაზეთს საქართველოს მთავრობა უარს ვერ ეტყვის და ამ საზღაურს, ფაქტობრივად, საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა იხდის. აფხაზები კი ყოველთვის მალავენ, რომ ჩვენგან ეს შეღავათი აქვთ. ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრაზე ისინი აფიქსირებენ, რომ ელექტროენერგიას რუსეთისგან იღებენ. გამოდის, რომ ჩვენ ვიხდით მილიონობით ლარს აფხაზეთის განათებისთვის და სანაცვლოდ შეიძლება გვაგინონ, როცა ეს მოესურვებათ. რა ლოგიკაა, ვერ ვხვდები. მიდგომა საქართველოს მთავრობის მხრიდან აშკარად შესაცვლელია, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
გაზეთი „რეზონანსი“