აფხაზეთში ელექტროენერგიის დღიური მოხმარება 3,3 მლნ კვტ საათით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესიდან“ მიაწოდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი აფხაზეთს მიეწოდება. „ჩერნომორენერგოს“ (აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ენერგოკომპანია) მონაცემებით, თუ 2019 წელს აფხაზეთის მთლიანი დღიური მოხმარება დეკემბერ-თებერვალში 8,5 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა, წელს, დაახლოებით, 11,8 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ხოლო მაინინგზე, ბუნებრივი დატვირთვების ზრდის გამოკლებით, თითქმის, 80 მეგავატი ელექტროენერგია იხარჯება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ წარმომადგენლობაში.
კითხვაზე, გამომუშავების რა წილი მიეწოდება ოკუპირებულ ტრერიტორიას, „ენგურჰესში“ ამბობენ, რომ მაისის თვის მონაცემებით, აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ი მიეწოდება.
ცნობისათვის, ენგურჰესის 3-თვიანი რეაბილიტაცია 2021 წლის 27 აპრილს დასრულდა. 2022 წლის 26 მაისის მონაცემებით, წყალსაცავში წყლის დონე კი, 446.43 მეტრს შეადგენს.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"