გასულ კვირას „აგარის შაქრის“ ღირებულება 75 ლარი იყო, დღეს მისი ფასი 81 ლარი და 40 თეთრი შეადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რატომ გაზარდა ბოლო ერთ თვეში „აგარის შაქარმა“ ფასი, ისარგებლა თუ არა ადგილობრივმა წარმოებამ ბაზარზე შექმნილი არაკონკურენტული გარემოთი.
„მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ადგილობრივი წარმოება ვართ, ლარის კურსის დევალვაცია პირდაპირ აისახება ჩვენს ნაწარმოებ პროდუქტის ფასზეც, ვინაიდან ნედლეული იმპორტირებულია და შესყიდვა დოლარში ხდება“, - განუცხადეს „კომერსანტს“ კომპანიაში. მათი ინფორმაციით, გარდა ნედლეულისა „აგარის შაქარი“ დამხმარე მასალების შესყიდვაც დოლარში ხორციელდება, დოლარშია დაფიქსირებული ენერგო რესურსის და ტრანსპორტირების ტარიფიც. აგარის შაქრის ქარხანაში ამბობენ, რომ ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია, იმპორტი ხორციელდება როგორც ევროპიდან, ასევე რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდანაც.
„ჩევნი პროდუქციის წარმოების თვითღირებულების დიდი ნაწილი დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე და მომსახურების იმ სერვისებზე რაშიც ტარიფები ვალუტაში გვაქვს განსაზღვრული, ამიტომ ფასების ცვლილება თუ მოხდება ბაზარზე მხოლოდ კურსის პროპორციულად, ან მომატებისკენ ან დაკლებისკენ, როგორც ლარის კურსი იქნება დაფიქსირებული. შაქრის ფასებთან მიმართებაში მინდა დაგარწმუნოთ, რომ აგარის ქარხნის გახსნამდე, ბაზარზე არსებულ ფასებს თუ დოლარში დავადარებთ, 1 ტონა მ.წ. მარტში ღირდა 440-450 დოლარი (დღგ-ს გარეშე) , ეხლა იმაზე დაბალია და 420 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუ ლარში დადარებას მოახდენთ რა თმა უნდა გაზრდილად გამოჩნდება, მაგრამ ეს მხოლოდ ლარისკურსის პროპორციულადაა ასახული“, - განაცხადეს კომაპნიაში.
შეგახსენებთ, რომ აგარის შაქრის ქარხანა მიმდინარე წლის 1 ივნისს გაიხსნა. როგორც კომერსანტს კომპანიაში განუცხადეს კომპანია სარემონტო სამუშაოების გამო აგვისტოს თვის განმავლობაში გაჩერებული იყო. მათი ინფორმაციით, მუშაობა ქარხანაში სექტემბერში განახლდა დღეს კი აგარის შაქრის ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ ქარხანა 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს, 3 ცვლიან რეჟიმში და დღეში მაქსიმუმ 500 ტონა შაქარს გადაამუშავებს. კომპანიაში 500-მდე თანამშრომელია დასაქმებული.