აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებას“(წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმის პროგრამა), რომელსაც 28 იანვარს მოეწერა ხელი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„საკრედიტო შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსათვის სესხის სახით 30 მილიონი ევროს გამოყოფას.
მომხსენებელის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, პროგრამის მიზანი წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის მართვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბებაა, რაც თავის მხივ წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.
მისივე თქმით, ეს ასევე გააძლიერებს ქალაქად და სოფლად წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორს და უფრო ეფექტურს გახდის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინსტიტუციურ შესაძლებლობებს.
სესხის ხანგრძლივობა - 20 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი - 5 წელი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.