საქართველოში აგრო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით აგრობიზნესის ასოციაცია შეიქმნა. სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნესის წილის ზრდა და ინვესტიციების მოზიდვა, ბიზნესერთეულების გაფართოება და გამსხვილება - ასოციაციის ძირითად მიზნებს წარმოადგენს.
„ბოლო რამდენიმე წელია აგროსექტორში ვხედავთ პოზიტიურ ცვლილებებს. მსხვილი ბიზნესი დაინტერესებულია სექტორით. მათ დაიწყეს ინვესტირება და შედეგად, მივიღეთ მსხვილი და საშუალო ფერმერული მეურნეობები, გაჩნდა რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი, როგორც ქართული, ისე შერეული,“- აცხადებს აგრობიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ირაკლი ჩიქავა კომერსანტის დილაში.
მისი თქმით, ასოციაცია აგრობიზნესში ჩართულ კომპანიებს, ფერმერებს და აგრო ინდუსტრიით დაინტერესებულ ეკონომიკურ სუბიექტებს ბიზნეს პლატფორმას სთავაზობს.
„შეიქმნა ფონი იმისთვის,რომ მსგავსი ტიპის ინვესტიციები და ბიზნესები გაერთიანებულიყო ერთი პლატფორმის ქვეშ. დაფუძნდა ასოციაცია,რომლის მიზნებს წარმოადგენს აგროსექტორის გამსხვილება, მეტი ინვესტიციის მოზიდვა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ასევე, იმ პარამეტრების გაუმჯობესება,რაც ზოგადად სექტორს სჭირდება იმისთვის,რომ გამსხვილდეს და ბიზნესისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს,“- აცხადებს ირაკლი ჩიქავა.
ასოციაცია კვლევებსა და ტექნოლოგიებზე იქნება ორიენტირებული, შესაბამისად, მეცნიერულ ცოდნასა და თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით შესთავაზებს ბიზნესს მხარდაჭერას. ირაკლი ჩიქავას თქმით, სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სპეციალიზირებული ცოდნის ნაკლებობაა.
„ჩვენ ვიაზრებთ,რომ დარგში მსხვილი ინვესტიციების არქონის მიზეზი სპეციალიზირებული ცოდნის დეფიციტია. მნიშვნელოვანია ბიზნესის სწორედ მართვა, ქვეყანაში ასევე გაუმართავია ლოჯისტიკური ცენტრი, გვაქვს მიწის რესურსის დაბალი კონცეტრაცია, ტექნოლოგიების დეფიციტი, გვაკლია კოოპერაცია ბიზნესებს შორის,საჰექტრო მოსავლით ჩამოვუვარდებით მსოფლიო წარმოებასა და სტანდარტებს, ამდენად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ეს ყოველივე კი მოგვცემს საშუალებას, გავხდეთ კონკურენტუნარიანები,როგორც შიდა ბაზარზე,ისე საექსპორტო ბაზრის თვალსაზრისით.
სახელმწიფო რამდენიმე წელია აქტიურად არის აგრო სექტორში სუბსიდირებითა და საგრანტო პროექტებით წარმოდგენილი. შედეგად, სექტორი თანდათან ხდება მსხვილი ინვესტიციებისთვის მიმზიდველი, სახელმწიფო თავს კარგად ართმევს და ეხმარება სექტროს სხვადასხვა სტიმულით. წლების განმავლობაში სულ უფროდაუფრო ნაკლები ჩარევა იქნება საჭირო, რადგან უკვე გვაქვს პოზიტიური ძვრები,“- ამბობს ირაკლი ჩიქავა.