ჰიპერმარკეტების ქსელი „აგროჰაბი“ წელს თბილისში ორ ახალ ფილიალს გახსნის.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა გოცირიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, ერთი ფილიალი საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე 26 აპრილს გაიხსნება, ხოლო მეორე ზვიად გამსახურდიას სახელობის მარცხენა სანაპიროზე წლის ბოლოს.
„გასული 2022 წელი წარმატებული იყო და სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა წელს ორი ფილიალის გახსნის გადაწყვეტილება მიგვეღო. ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, მათ შორის ახალი მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება. ამის საპასუხოდ წინ მივდივართ და წელს ახალი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. ერთი ფილიალი სულ მალე, 26 აპრილს გაიხსნება უნივერსიტეტის ქუჩაზე, მეორეს გახსნის თარიღის თქმა ჯერ დაზუსტებით არ შემიძლია, თუმცა წლის ბოლოს ვგეგმავთ. ორივე ფილიალის გახსნის შედეგად ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - აცხადებს ლაშა გოცირიძე.
სანაპიროზე „აგროჰაბის“ მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურას studia9 ახორციელებს.
„აგროჰაბის“ პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2016 წლის დეკემბერში გაიხსნა. კომპანია ამჟამად სამ ფილიალს აერთიანებს.
ნინო თამაზაშვილი