1-ლი აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული სერვისები ძვირდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.
ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი - 135 ლარი. დღეს აღნიშნული მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში 90 ლარი ღირს.
სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია ამ ეტაპზე 170 ლარი ღირს. აგვისტოდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.
მომსახურების მიღების დროის დაჯავშნის სისტემის გამოყენებისას მომსახურების საფასურის 50% გადაიხდება ჯავშნის დადასტურებიდან ერთი საათის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი 50% − შესაბამისი განაცხადის რეგისტრაციისას. დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაჯავშნისას გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.
საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ამ წესის შესაბამისად გადახდილი მომსახურების საფასური ჩაირიცხება იუსტიციის სახლის ანგარიშზე, — აღნიშნულია დადგენილებაში.