2022 წლის აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 15.3%-ით გაიზარდა და 43.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 1.0 პპ მოიკლო. სესხების ზრდის ტემპის კლება მეტწილად უცხოური ვალუტით დაკრედიტების შენელებამ განაპირობა. ლარით დაკრედიტება წლიურად 20.02%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 9.6 პპ წვლილი შეიტანა. 2022 წლის აგვისტოში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, უცხოური ვალუტის სესხებმა წლიურად 10.93%-ით მოიმატა და მთლიანი სესხების ზრდაში 5.7 პპ წვლილი შეიტანა. დაკრედიტების შენელება ძირითადად ბიზნეს სესხებისა ზრდის ტემპის კლებამ განაპირობა. ასევე შემცირებულია სამომხმარებლო და მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხების ზრდის ტემპიც“, — აღნიშნულია მიმოხილვაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით გაიზარდა და 13.6% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით, 16.2%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე - 0.4 პპ-ით, 7.4%-მდე გაიზარდა.
„იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა და მიმდინარე წლის აგვისტოში 13.8% შეადგინა. მცირედით მოიკლო იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებმა, რომელმაც აგვისტოში 11.94% შეადგინა. წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების ზრდასთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა ზრდა დაიწყო. კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე, წინა თვესთან შედარებით, იურიდიული პირების სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.3 პპ-ით 7.6%-მდე გაიზარდა, თუმცა უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.3 პპ-ით - 5.7%-მდე შემცირდა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მისი დონე წინა თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით შემცირდა და 46.2%-ს გაუტოლდა. შემცირებას განაგრძობს როგორც ფიზიკური პირების ასევე იურიდიული პირების დოლარიზაციის დონე. აგვისტოში, ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 13.3 მლნ ლარით შემცირდა და 458.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი 8.8% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული“, — ნათქვამია მიმოხილვაში.