ზოგიერთი კატეგორიის სტუმარი, მსოფლიოს 11 ქვეყანაში, საახალწლოდ, ერთი ღამით, საცხოვრებლის დაჯავშნას ვერ შეძლებს.
მსოფლიოში მოკლევადიანი საცხოვრებლის დაჯავშნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სერვისმა Airbnb-მა გადაწყვიტა, რომ 2023 წლის საახალწლო ღამისთვის ბინების დაჯავშნა-დაქირავებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დააწესოს.
ვებ-საიტზე ნათქვამია, რომ წელს, მსოფლიოს 11 ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, საახალწლო პერიოდში გამკაცრებული წესები იმოქმედებს, რათა მაქსიმალურად გაკონტროლდეს და შეიზღუდოს არასანქცირებული წვეულებები.
ახალი შეზღუდვების მიხედვით, ახალი წლის ღამეს იკრძალება სახლების ერთი ღამით დაქირავება ანგარიშზე დადებითი ისტორიის, ან პლატფორმაზე წინასწარი ჯავშნის გარეშე. იგივე შეზღუდვა შეეხება იმ მომხმარებლებს, ვინც ცდილობს ბინის 2-3 ღამით დაჯავშნას მუდმივ საცხოვრებელთან ახლოს.
ახალი წლის ღამეს შეზღუდვები შემდეგ ქვეყნებში წესდება: აშშ (მათ შორის პუერტო რიკო), კანადა, ბრაზილია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, პორტუგალია და ნიდერლანდები.
Airbnb-ის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი ზომები ადრე რვა ქვეყანაში, სატესტო რეჟიმში მოქმედებდა და ამან დადებითი შედეგები გამოიღო.
„ჩვენი შეფასებით, ამ ზომებმა საახალწლო წვეულებებზე ინციდენტების დაახლოებით 56%-ით შემცირებას შეუწყო ხელი. გასულ წელს, საახალწლო პერიოდში, მსოფლიოში 340 000 სტუმარს არ მიეცა Airbnb-ზე ბინის ქირაობის საშუალება. აქედან 120 000-ზე მეტ იყო აშშ-ში, 34,500-ზე მეტი დიდ ბრიტანეთში და თითქმის 13 000 ავსტრალიაში“, - აცხადებენ კომპანიაში.
2022 წლის დასაწყისში Airbnb-მა მოიჯარეების იდენტიფიცირებისთვის ახალი ინსტრუმენტები დანერგა. ამიერიდან, პოტენციური მოიჯარეების შეფასებისას, სისტემა ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ანგარიშის დადებითი ისტორია, Airbnb-ზე გატარებული დრო და სხვა.