საცხოვრებელი ფართების გაქირავების პლატფორმა Airbnb-მა 2022 წლის მესამე კვარტალში $2,88 მილიარდის შემოსავალს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომპანიამ გასულ სამ თვეს ისტორიაში ყველაზე მომგებიანი უწოდა.
Airbnb-ის შემოსავალი მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით გაიზარდა და რეკორდულ 2,88 მილიარდ დოლარს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში Airbnb-ის წმინდა შემოსავალი იყო $1,2 მილიარდი ($834 მილიონი 2021 წლის მესამე კვარტალში).
საანგარიშო პერიოდში ჯავშნების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა და 100 მილიონს მიაღწია, ჯავშნების ჯამური თანხა 31%-ით გაიზარდა და 15,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჯავშნის საშუალო დღიური ღირებულება წლიურ ჭრილში 5%-ით გაიზარდა და 156 აშშ დოლარი შეადგინა.
კომპანიამ აღნიშნა, რომ გასული კვარტალი ყველაზე მომგებიანი იყო მის ისტორიაში. მაგრამ შედეგები შეიძლებოდა ყოფილიყო კიდევ უკეთესი, რომ არა გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური მიზეზები.
Covid-ის შეზღუდვების მოხსნა დაეხმარა კომპანიას ასეთი შედეგების მიღწევაში - ხალხი ისევ მოგზაურობს, აცხადებენ Airbnb-ში.
გარდა ამისა, გრძელვადიანი ჯავშნები რაოდენობა იზრდება. ირკვევა, რომ 28 დღეზე მეტი ხნის ჯავშნების რაოდენობა ჯავშნების საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენს. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ გამქირავებელთა რაოდენობა იზრდება - კრიზისის დროს ხალხი დაინტერესებულია დამატებითი შემოსავლით.