რუსეთის ეკონომიკაზე დაწესებულ სანქციებს რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზეც ექნება გავლენა, - ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა აკაკი ცომაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი საქართველოსთვის არის მეორე სავაჭრო პარტნიორი, მათთვის დაწესებული სანქციები საქართველოზეც აისახება.
„რუსეთის ეკონომიკაზე დაწესებულ სანქციებს რა თქმა უნდა, ექნება გავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც, იმიტომ რომ რუსეთი არის საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორი და გვინდა თუ არ გვინდა, გვაქვს ექსპორტი რუსეთის ბაზარზე, ისევე როგორც რუსეთისგან ვყიდულობთ ბევრი დასახელების საქონელს. ფულადი გზავნილები არის ერთ-ერთი საკვანძო თემა, რაც პრობლემური იქნება. რუსეთის ეკონომიკა თუ შემცირდება, ცხადია, იქ მომუშავე ადამიანებზეც გავლენას მოახდენს. მთლიანობაში, მოკლე პერიოდში რაღაც ცეცხლის კერები გაჩნდება, მაგრამ როგორც პირობითად, 2006 წელს საქართველომ გაიარა რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგო, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ ეკონომიკის დივერსიფიცირება“, - განაცხადა ცომაიამ.
რაც შეეხება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ლარის კურსის საკითხს, ცომაიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხის შესახებ წინასწარი ვარაუდის გამოთქმა რთული იქნება.
„რთულია იმის თქმა, ლარის კურსზე ეს ყველაფერი როგორ აისახება. ამდენად, არის ალბათობა იმის, რომ ლარის კურსი შესაძლოა, გამყარდეს, ისევე, როგორც არის ალბათობა იმის, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს“,- განაცხადა ცომაიამ.
ipn.ge