აკრძალული ქორწილების მიუხედავად პატარძლები თეთრ კაბაზე უარს მაინც არ ამბობენ. როგორც მოდის სახლ „მარიონელა“- ში აცხადებენ, შაბათ-კვირას დაგეგმილი არც ერთი ჯავშანი არ გაუქმებულა. ამის მიზეზი კომპანიის შემუშავებული სტრატეგიაა. „მარიონელა“-ში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაქირავებული საქორწილო კაბები მომხმარებლებს ქორწილის დღემდე გაატანონ. მოდის სახლის წარმომადგენელი გვიყვება, რომ პატარძლებს გადაწყვეტილი აქვთ ქონდეთ ჯვრისწერა და ფოტოსესია, რის შემდეგაც მათთვის მნიშვნელოვან დღეს ვიწრო წრეში აღნიშნავენ.
რაც შეეხება მომდევნო კვირებს, „მარიონელას“ წარმომადგენელი მედიაჰოლდინგთან საუბარში განმარტავს, რომ მხოლოდ ერთი ჯავშანი გაუქმდა, ათობით ხელშეკრულება ისევ ძალაშია. მოდის სახლის წარმომადგენელის თქმით, პატარძლებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში შეზღუდვები შემსუბუქდება და ქორწილის გადახდის შესაძლებლობა მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები, რაც გულისხმობს ქორწილებს, ქელეხებსა და იუბილეებს, 10 სექტემბრიდან იკრძალება. შეზღუდვები ამგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებით დახურულ სივრცეში ამ დრომდეც მოქმედებდა და გულისხმობდა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების დაუშვებლობას დახურულ სივრცეში.
ბაჩო ადამია